საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევენ

  • 18 ოქტომბერი 08:35

საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას - საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და ევროკავშირის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის“ პროექტის მხარდაჭერით სასტუმროში ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ტარდება.


საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.


,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება.


2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს ეწურება. შესაბამისად, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით :


2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე;


1 წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;


2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული - საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;


1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.


საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.


საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.


პროკურორთა კონფერენციას ესწრებიან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები.


საქართველოს პროკურორთა კონფერენციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულია სახალხო დამცველი, კონფერენციას ასევე დაესწრებიან ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის ის წარმომადგენლები, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტში.