"90 წელი ისე გალია თავიც არ წამოტკიებია -  სადილზე გაგვიმხილა "მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ, მგონი სიბერე ძნელი იქნებაო"

  • 17 ოქტომბერი 21:41

მებაღე ზურა შევარდნაძე მისი ლეგენდარული კოლეგის, 90 წლის მებაღის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მთელი ცხოვრება მებაღედ იმუშავა, არც თავი დაუზოგავს არც ჯანი და ემოცია.. 90 წელი ისე გალია თავიც არ წამოტკიებია.

12 წელი, წლევანდელ გაზაფხულამდე გარდენიაში იმუშავა, ვისაც ერთხელ დაუნახავს ბაღში მოფუსფუსე ყველას ახსოვს, ჩალის ქუდით, წელში გამართული, ტილოს წინსაფრით, თავჩარგული, მშრომელი დიდი ხელებით.

ერთი რამედ ღირს მისი ნაშრომის ნახვა, ან კალამს როგორ დაჭრის და ჩააწიკწიკებს ხის ყუთებში, ან როგორ გასხლავს, როგორ დარგავს და დაამყნობს კიდეც თუ გაჭირდა. არ ვიცნობ მეორე ადამიანს მასსავით თბილს, მოსიყვარულეს, ერთგულს, წესიერს, გამრჯეს და თავისი საქმის უბადლოდ მკეთებელს. გაუმადლებლად, დაუზარებლად გვაწავლა ყველა სამებაღეო ხრიკი და ფანდი.

კარგა ხანია ვერ მოვინახულეთ, ყველას მოგვენატრა და ვთხოვეთ ჩვენთან მოსულიყო სადილად. არც დაფიქრებულა, გამოპრანჭული დახვდა ბიჭებს და გამოყვა. ვეფერეთ, გვეფერა, ყველა სათბური და ბაღში კვლები ჩამოარა, ხელიც უსვა ახალამოსულ ჩითილებს, - უჰ რამდენი გიშრომიათ შვილო, ძალა მოგცეთ გამჩენმა... ნათესარსაც არაუშავს, დიდი ზამთარი იქნება და რაღას უცდით გადარგეთო... სადილზე გაგვიმხილა "მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ, მგონი სიბერე ძნელი იქნებაო"

გამომშვიდობებისას პატარა კურცხალიც შევამჩნიეთ თვალის უპეში, სასწრაფოდ გაიმშრალა. დავბრუნდით, გავაგრძელეთ საქმე, უსიტყვოდ, უთქმელად..."