ოთარ ანგურიძე: აუცილებელია დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებებს შორის ბალანსის დაცვა, რაც მორგებული უნდა იყოს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე

  • 15 ოქტომბერი 12:17

„შრომის კოდექსში რომ ცვლილებებია შესატანი, ამაზე მრავალგზის თქმულა და ევროდირექტივაც ამას გვავალდებულებს“, - ამის შესახებ  ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას და ტვირთად არ დააწვეს კერძო ბიზნესს·


„შრომის კოდექსში რომ ცვლილებებია შესატანი, ამაზე მრავალგზის თქმულა და ევროდირექტივაც ამას გვავალდებულებს. თუმცა, მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებებს შორის. რაც უნდა იყოს მორგებული არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას და ტვირთად არ დააწვეს კერძო ბიზნესს.


მნიშვნელოვანია, ინიციატივა განხორციელდეს იმგვარად, რომ არ გასცდეს ევროდირექტივას.
თუმცა, არსებული ინიციატივა არის ზედმეტად მკაცრი და გაცდენილია იმ სარეკომენდაციო ჩარჩოს, რასაც გვთავაზობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ დირექტივასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპობრივი დაახლოების პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, არ მოხდეს ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის გაუმართლებელი ტვირთის დაწესება და დავრჩეთ მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესის ფარგლებში“,- წერს ოთარ ანგურიძე. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.