ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას სამინისტროში არ ადასტურებენ

  • 14 ოქტომბერი 18:33

ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

ამის შესახებ M2B-ს ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს.


"გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ  დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ   გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი  და როგორც ჩანს,  ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში", – უთხრეს M2B-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


მანამდე, 14 თებერვალს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ნათია თურნავას თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავამ გიორგი ქობულია 18 აპრილს ჩაანაცვლა. მანამდე ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა და სხვა დროს თურნავა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს საპარტნიორო ფონდში და სხვა სტრუქტურებში.