"საქვეყნოდ ლოგინში ჩაწოლილი, მოწუწუნე კაცი, რომ ვნახე ვფიქრობდი, ნეტავ სად წავიდნენ საქართველოდან ის ღირსეული კაცები"?

  • 13 ოქტომბერი 20:49

დეკანოზი თამაზ ლომიძე  დეპუტატ ილია ჯიშკარიანის სატელევიზიო ინტერვიუს  სოციალურ ქსელში ეხმაურება და შევარდნაძის დროს საკანში მომხდარ ისტორიას იხსენებს.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე საქართველოში ქართველი ზრდასრული კაცი, თანამდებობის პირი ლოგინში ჩაწვებოდა და საქვეყნოდ ტელევიზიით მისცემდა ინტერვიუს თუ როგორ სჩაგრავენ ქალები.


ერთხელ, ასე 25 წლის წინ, ერთი ევროპელი, მაღალი თანამდებობის პირი, ქალი იყო მოსული სტუმრად პატრიარქთან და ასეთი ამბავი მოჰყვა: შევარდნაძის დროა ანუ საშინელება ყოველმხრივ. ეს ქალი ციხეების სანახავად იყო ჩამოსული და სიკვდილმისჯილთა ჯურღმულებშიც ჩასულა ორთაჭალის ციხეში (თვითონაც მინახავს და მართლა ჯურღმული იყო). იქ ერთ-ერთ საკანში რომ შესულა ერთ სიკვდილმისჯილ შუახნის კაცთან გასასაუბრებლად, ეს კაცი წამომდგარა და რომ დაუნახავს სტუმარი უცხო ქალია, პერანგის ღილები, რომელიც ცოტა ზომაზე მეტად ჰქონია ჩახსნილი, ყელამდე შეუკრავს. გესმითო, გაოცებული ამბობდა შემდეგ ეს ქალი, პატიმარი, რომელიც ხვალ სიკვდილით უნდა დასაჯონ, ფიქრობს უცხო ქალის პატივისცემაზე და ცდილობს ღირსეულად შეხვდეს მას თვით იმ უბადრუკ საკანშიცო. მე ახლა ვიცი, როგორ ხალხთან ჩამოვედი სტუმრადო, ამბობდა ის ევროპელი ქალი.


დღეს, საქვეყნოდ ლოგინში ჩაწოლილი, მოწუწუნე კაცი რომ ვნახეთ, ვფიქრობდი, ნეტავ სად წავიდნენ საქართველოდან ის ღირსეული კაცები?" – წერს დეკანოზი.