"ნოტარიუსის რიგში 87 ადამიანი დგას - ზოგიერთი გადაწყვეტილება მართლა მოითხოვს განმარტებას"

  • 10 აპრილი 11:49

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი თბილისში ნოტარიუსების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის გამო შექმნილი ხალხმრავლობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ნოტარიუსების სიმცირე ადამიანებს თავშეყრას აიძულებს. ბუწაშვილს თავის სტატუსში კონკრეტული მაგალითი მოჰყავს, რომელიც თბილისში ვაჟა ფშაველას გამზირზე ნახა.


ამასთან ინფექციონისტი ხალხმრავლობის დროს დაავადების გავრცელების და გადადების რისკს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.


"ზოგიერთი გადაწყვეტილება მართლა მოითხოვს განმარტებას, რომ მივხვდეთ, როგორ ხდება კორონავირუსული ინფექციის პრევენცია ამა თუ იმ მეთოდით. მაგალითად, რა პრევენციული მეთოდია ქალაქში მხოლოდ სამი ნოტარიუსის მუშაობა, როდესაც რიგში დილის ცხრა საათზე უკვე 87 ადამიანი დგას (ზოგიერთს რიგი დილის 6 საათზე აქვს დაკავებული) და ორ საათზე ამთავრებს ნოტარიუსი მუშაობას (ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნოტარიუსთან ამ დილას იყო ეს სურათი). შემდეგ იმ დანარჩენ ორთან გარბიან, ისევ უშედეგოდ. ამ ხალხის ასეთი ქაოტური მოძრაობის მაგივრად ადამიანთა ეს რაოდენობა რამდენიმე ნოტარიუსზე რომ გადანაწილდეს, ხომ ნაკლები თავშეყრა გამოვა და ეს უფრო ეფექტური არ იქნება ეპიდემიოლოგიური კუთხით? რა გათვლებზეა ასეთი გადაწყვეტილებები დაფუძნებული?", - წერს ინფექციონისტი.


ამავე პოსტის კომენტარებში ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი წერს: არა თუ განმარტებას, ცვლილებას მოითხოვს, იმიტომ რომ მეპარება ეჭვი იმ პირთა კომპეტენტურობაზე ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, შსს-ს მინისტრს ჰგონია თურმე (გუშინ ილაპარაკა), რომ თუ ხალხი აღდგომის ღამეს მივა ეკლესიებში საღამოს 6 სთ-ზე და წამოვა ეკლესიებიდან დილის 9-ზე, მოგვარებულია პრობლემა. ანუ, პრობლემა ჰგონია თავისივე მიღებული რეგულაციის დარღვევა-არდარღვევა, მაშინ როცა პრობლემა არის გადადების რისკი. და როგორ ვერავინ არის მის გვერდზე რომ უთხრან, რომ ამას თუ დაუშვებენ, ინფექციის გავრცელების საფრთხე ბევრად უფრო მაღალი იქნება.



ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათია ამოქმედებული. ასევე აკრძალიალია 10-კაცზე მეტი პირის შეკრება.