"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ცუდ საქმეს და არ აქვთ არანაირი მორალური ღირებულება"

  • თბილისელები
  • 7 აპრილი 09:37

"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო რამდენიმე სერიაში გია ჭანტურია ტოტოს როლზე გამოჩნდა.

ჭანტურიამ ტოტოსა და ელვირს ჟურნალ თბილისელებთან ტრაგიკული ადამიანები უწოდა. ამასთან ის აღნიშანავს რომ მათ არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნიათ. 


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- დღეს თუ ვინმე რამე ფასეულს აკეთებს ტელესივრცეში, ერთ დროს ყველა ერთად ვიყავით. "ფორმულა კრეატივშიც" ჩემი მეგობრები არიან და რომ დამირეკეს, ცოტა არ იყოს, გამეცინა. არ ველოდი. ამ სერიალის მაყურებლად კი, მაგრამ მონაწილედ ვერ წარმომედგინა თავი. მაგრამ, მიდი, მიდიო და დავთანხმდი. ჩემი პერსონაჟი არ არის ბოლომდე გამოვლენილი, მაგრამ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. მთავარია ის, რომ ამ წლების განმავლობაში "ჩცდ-მ" უზარმაზარი საქმე გააკეთა, საოცარი სამსახიობო სკოლა შექმნა. რაც შეეხება პერსონაჟებს, მე და ჩემი ფრთის დანარჩენი გმირები, არ ვართ დადებითი პერსონაჟები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ცუდ საქმეს და არ აქვთ არანაირი მორალური ღირებულება. ტრაგიკული ადამიანები არიან. ელვირი არაა უნიჭო ადამიანი, არც ტოტო, მაგრამ შავი პიარია მათი საქმე და სიკეთის საკეთებლად კი არა, საკუთარ ნიჭს შიდა კლანურ ინტრიგებში იყენებენ და მავნებლობით არიან დაკავებულები. ეს ტრაგედიაა. ქართულ ჟურნალისტიკაშიც არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ასევე, მსახიობები და რეჟისორები, მაგრამ მათი ნიჭიერება ყოველთვის ვიღაცას და რაღაცას ემსახურება. საბჭოთა გავლენამ უნიჭიერესი ადამიანები ამორალურებად აქცია, ვერ გამოდიან იმ ეპოქიდან.


– ძალიან მიჭირს ამ როლის მორგებაო, ამბობდით.


– იმიტომ, რომ ამ ადამიანს იდეა არ გააჩნია. შეიძლება, ადამიანმა რაღაც დააშავო, მაგრამ ეს გარკვეულ იდეას ემსახურებოდეს. ასეთს უკეთ გავუგებ. თუნდაც, კომუნისტური იდეებით აღსავსე ტიპი იყოს, თუ მას ამის ნამდვილად სჯერა და საკუთარი იდეისთვის თავის გაწირვაც კი შეუძლია, მისაღებია. ვიცით კიდეც მსგავსი მაგალითები. "იდეინი" ადამიანი, რაც უნდა ჩემთვის მიუღებელ იდეას ემსახურებოდეს, მაინც პატივსაცემია. ესენი კი მხოლოდ პირად ამბიციებს, ფულს და განდიდებას ემსახურებიან.


წყარო: თბილისელები