"შეთავაზებაც იყო ინფიცირებულებისათვის, რომ სულიერი მსახურება გაგვეწია, თუმცა თავი შეიკავეს"

  • 6 აპრილი 23:14

"წმინდა ზიარება ვერასდროს იქნება სიკდვილის შემოტანის მიზეზი, ეკლესიის მსახურება ყოველთვის მიმართულია ადამიანისთვის“, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას განაცხადა, როდესაც ვირუსის გავრცელების პერიოდში ღვთისმსახურების ჩატარების თემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ექიმების მითითებების დაცვას უნდა შევეცადოთ.


„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალური საფრთხე და ვუზრუნოთ იმაზე, რომ არ გავხდეთ სხვისი ინფიცირების მიზეზი და წყარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული სულისკვეთების მქონე ადამიანებისათვის - სხვას ჩვენ არ უნდა ვავნოთ“, - განაცხადა გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა.


მიტროპოლიტმა ისიც აღნიშნა, რომ სასულიერო პირები დღესაც მზად არიან, მივიდნენ ინფიცირებულებთანაც; დახურულ სივრცეებში; საპატიმროებში და იქ გაუწიონ სულიერი მსახურება ყველა მსურველს.


„შეთავაზებაც იყო ინფიცირებულებისათვის, თუმცა თავი შეიკავეს. არსებობს მოთხოვნა საპატიმროებიდან, თუმცა ეს სამედიცინო ნორმები არ გვაძლებს ამის საშუალებას. მოქმედებს კარანტინი. მე ვფიქრობ, მოიძებნება რაღაც ფორმა, რომ სასულიერო პირები შევიდნენ ციხეებში და იქ მყოფ ადამიანებს გაუწიონ მსახურება სულიერი. ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს სიფრთხილე და შიში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.


საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.


წყარო