მარაგი თუ არ შეივსო, ეს პრობლემა მწვავედ დადგება – როდემდე ეყოფათ ქართველ ექიმებს პირბადეები?

  • 4 აპრილი 00:01

პირბადეები ერთი-ორი კვირა გვეყოფა, მარაგი თუ არ შეივსო, მერე ეს პრობლემა მწვავედ დადგება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პირბადეები, ჯერჯერობით, საკმარისია. ჯერ ყველას აქვს, ვისაც უნდა ჰქონდეს. მაგრამ რეზერვი საკმარისი არ არის. ამერიკას გაუჭირდა, ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა მრეწველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებითა და პირბადეებით.

ვეტო დაადო ყველა ამ საშუალების გარეთ გატანას და გაყიდვას. არც მათ და არც ევროპის ქვეყნებს არ ჰყოფნით, ყველა ამ დღეშია.

ჩვენთან ადგილობრივი პირბადეები გაჩნდა, ხალათები, რაღაც საშუალებები გაჩნდა.

ერთი რამ ფაქტია, ამის გამო არაფერი დაშავებულა, ჯერ გვყოფნის. ვიცი, რომ 1-2 კვირა კიდევ გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, ეს პრობლემა მწვავედ დადგება“.