"თავისუფალი საქართველო": "შალვა შინ არ ვარგოდა, სასამართლოში გარბოდა"

  • 9 ოქტომბერი 17:52

პარტია "თავისუფალი საქართველო“ პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების საჯარო მოსმენის პროცედურას ეხმაურება.

როგორც "თავისუფალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, სადაც ყველაზე მეტი ჩავარდნაა, სასამართლო და პროკურატურაა.


"პირველი: ადამიანი, რომელმაც სულ ახლახან ჩაიბარა გენერალური პროკურორის პოსტი და განაცხადა სამომავლო გეგმების, რეფორმებისა და მასშტაბური ცვლილებების შესახებ, პროკურატურიდან მიდის ისე, რომ თავისი დაპირებების შესასრულებლად, მცირედი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ამ ფონზე, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება?


მეორე: ზოგადად, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, სადაც ყველაზე მეტი ჩავარდნებია, სწორედ სასამართლო და პროკურატურაა, რის გამოც უკვე ბოლო ერთი წლის მანძილზე, ხელისუფლების ლეგიტიმურობის მანდატი მთლიანად შეირყა. უზენაეს სასამართლოში შალვა თადუმაძის დანიშვნა იქნება აბსოლუტურად  შეუთავსებელი იმ კურსთან, რაც ახალმა ხელისუფლებამ 20 ივნისის შემდგომ წამოიწყო - ვგულისხმობთ ე.წ. საკადრო წმენდის კურსს. მისი უზენაეს სასამართლოში დანიშვნა ფართო საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს და იმის დადასტურება იქნება, რომ ხელისუფლების მიერ 20 ივნისის შემდგომ გატარებული ცვლილებები, შინაარსობრივი ხასიათის კი არა, არამედ უფრო კოსმეტიკურია.


შალვა თადუმაძეს არაფერი გაუკეთებია, მათ შორის, არც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა, ეს საქმე მან პირად კონტროლზე აიყვანა."


ასევე ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური ხარვეზი - შალვა თადუმაძეს, პროფესიულ იურიდიულ წრეებში, არანაირი ავტორიტეტი და რეპუტაცია არ გააჩნია.


ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, თადუმაძემ უკვე შექმნა ღრმა კრიზისი პროკურატურის სისტემაში და უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ისედაც არ აკლია სირთულეები, მისი დანიშვნა დამატებით პრობლემებს შექმნის. უნებურად გვახსენდება ქართული გამოთქმა, მცირედი განახლებით: „შალვა შინ არ ვარგოდა, სასამართლოში გარბოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.