რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დისტანციურად მუშაობამ?

  • 3 აპრილი 22:00

ამ გამოკითხვამ, რომელიც „ფანთაიმმა“ თავის მეგობრებსა და მკითხველებს შორის ჩაატარა, დისტანციური მუშაობის საინტერესო მხარეები დაგვანახა...

რა აღმოვაჩინეთ დისტანციური მუშაობის დაწყებიდან მეოთხე კვირას?


უკვე მეოთხე კვირა დაიწყო მას მერე, რაც ჩვენმა უფროსმა მთელ გუნდს გამოგვიცხადა, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადავდიოდით. მას მერე ჩვენ ნელ-ნელა, ზოგი ენთუზიაზმით, ზოგიც - ბუზღუნით, გადავეწყვეთ ახალ და ჩვენთვის უჩვეულო რეჟიმზე.


ამასობაში, ჩვენი ოფისის მსგავსად, კიდევ ბევრმა კომპანიამ მიიღო დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება. ფეისბუქზე კი, როგორც ასეთ დროს გვჩვევია ხოლმე, არაერთი სახალისო და საჭირო ჯგუფი შეიქმნა, რომლებშიც, ზოგან - სახლიდან მუშაობის სირთულეებზე ვწუწუნებთ; ზოგან - რჩევებს იძლევიან, თუ როგორ გავართოთ მცირეწლოვანი ბავშვები სახლში; ზოგან - ტიკტოკისთვის გადაღებულ სულელურ და სახალისო ვიდეოებს აზიარებენ.


მაინც, რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც დისტანციურ რეჟიმზე გადავეწყვეთ?
ფეისბუქის მომხარებლებს შორის გამოკითხვის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ:



კვირის დღეებს აღარ ვითვლით



ადრე თუ შაბათ-კვირის მოსვლა გვიხაროდა, რათა რამდენიმე წუთი უფრო მეტხანს გვძინებოდა, ახლა მომზადებასა და გზაში დრო აღარ გვეხარჯება. საუზმითაც, კომპიუტერთანვე შეგვიძლია, ვისაუზმოთ. არც იმაზე გვიწევს ფიქრი, დღეს რა ჩავიცვათ და არც იმაზე - სამსახურში ტრანსპორტით წავიდეთ, თუ ძალიან გვაგვიანდება და ტაქსის გამოძახება ჯობია. სახლიდან სამსახურამდე მისასვლელი დროც გაღვიძებიდან ლეპტოპის ჩართვამდეა შემცირებული. შედეგად, შაბათ-კვირას სახლში ყოფნის მერე მოახლოებული ორშაბათი გვაშინებს.


 


ცოტათი აგვერია რეჟიმი



თითქოს, კარგია, რომ ამდენ რამეში დრო გვეზოგება, არა? სინამდვილეში, ბევრისთვის ძნელია იმ რეჟიმის შენარჩუნება, რომლითაც მანამდე ვცხოვრობდით. არადა, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ სამსახურის საქმეები დასვენებისგან და თავისუფალი დრო ისევ ისე ნაყოფიერად გამოვიყენოთ დასვენებისთვის და გართობისთვის. ის რომ მთელი დღე მაინც სახლში ვართ, არ უნდა იყოს მიზეზი, რომ საქმეები შუაღამემდე მოვიტოვოთ. ამიტომაც, პირველი რჩევა ის იქნება, რომ საწოლში ლეპტოპით არასოდეს მოვკალათდეთ, თორემ ისე შემოგვაღამდება მუშაობაში, რომ ვერც გავიგებთ.


 


მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა ხარჯები


 


შემოგვაკლდა პარასკევობით დაგეგმილი შეხვედრები ბარებსა და კლუბებში, აღარც ბრჭყვიალა ვიტრინები გვიბიძგებენ სპონტანური შოპინგისკენ, როცა ხელფასი ახალი დარიცხულია, არც მეგობრებს ვეპატიჟებით გემრიელ ყავასა და კრუასანზე საღამოობით, რაც მთავარია, გამოძახებული კერძების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც საგრძნობლად დაეტყო ჩვენს ჯიბეებს. 


 


გადავედით სახლის ჯანსაღ კვებზე



რამდენმა თქვენგანმა გაიხსენეთ, რომ სახლში გაზქურა გაქვთ? ცხადია, ბევრმა. როგორც ფეისბუქის მომხმარებლები ამბობენ, ბევრად ჯანსაღი კვება დავიწყეთ, იმიტომ რომ კერძებს თავად, სახლში ვიმზადებთ, შესაბამისად, ყოველთვის ზუსტად ვიცით, როგორ ინგრედიენტებს ვიყენებთ ამა თუ იმ გემრიელობის გასაკეთებლად.


 


ნაკლებს ვეწევით


 ნუ მოწევთ


უცნაურია, მაგრამ ფეისბუქჯგუფებში მომხმარებლები იმასაც ამბობენ, რომ დღეში მოწეული სიგარეტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. სამსახურში ხომ მოწევა ნამდვილი რიტუალია: თანამშრომლებთან ერთად დილით ყავაზე, ლანჩის შემდეგ, დასრულებული საქმის შემდეგ, შუალედებში...


 


მოგვენატრა სამსახურის სავარძელი


 სოციალური პასუხისმგებლობა - კლიპარტის ყველა სუბიექტი დისტანციურ რეჟიმშია


კიდევ რა გენატრებათ ყველაზე მეტად ოფისიდან გარდა ადამიანებთან ურთიერთობისა? სულაც არ გამკვირვებია, როცა ფეისბუქმომხმარებელთა უმეტესობა თავის სავარძელს ასახელებს.
სახლში ხომ სულაც არ გვაქვს მუშაობისთვის შესაფერისი ატმოსფერო - მოხერხებული, ბევრუჯრიანი სამუშაო მაგიდა და კომფორტული სავარძელი. დრაივის ფაილებივით სავარძლის გადმოწერაც რომ შეიძლებოდეს, მგონი ცუდი სულაც არ იქნებოდა. აქვე გამოვტყდები, რომ ჩემი სამუშაო ადგილი ძალიან, ძალიან მენატრება.


 


ასევე საინტერესოა:

როგორ ფიქრობთ - სწორად აირჩიეთ პროფესია?
ყველაზე უცნაური და მაღალანაზღაურებადი პროფესიები - გაოცდებით!
5 ფილმი სიცოცხლის ფილოსოფიაზე - რატომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ წამს