გაიცანით 3 პაციენტი, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა – რას ყვებიან ისინი

  • 2 აპრილი 17:04

კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვის ზრდის პარალელურად, იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს და გამოჯანმრთელდნენ.

 

ზოგიერთ მათგანს ვირუსის შედარებით სუსტი ფორმა ჰქონდა. ზოგს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა. ზოგის ორგანიზმში კი ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.


ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ისტორიებზე BBC წერს. ყველამ ვირუსისგან განსაკურნებლად სხვადასხვა გზა განვლო.


კარენ მანერინგის ისტორია.


კარენი 6 თვის ორსულია. ის მეოთხე ბავშვს ელოდება. მარტის მეორე კვირას 39 წლის კარენს მშრალი გამუდმებული ხველა და სიცხე დაეწყო. თუმცა, საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი მის ჰოსპიტალში გადაყვანას უნდობლად ეკიდებოდა.


კარენი მეუღლესთან ერთად, სანამ ის კორონავირუსით დაინფიცირდებოდა
„999-ში დავრეკე, ჩემი სუნთქვა ისეთი გაძნელებული იყო. სასწრაფო დახმარება ჩემს სახლში რამდენიმე წუთში მოვიდა. თითქმის ვერ ვსუნთქავდი, ამიტომ მათ სასწრაფოდ ჟანგბადზე შემაერთეს“,- იხსენებს კარენი.


კარენს კორონავირუსი დაუდგინდა. მას პნევმონია ორივე ფილტვზე ჰქონდა და მან ჰოსპიტალში, იზოლაციაში ერთ კვირა გაატარა.


„ჩემთან არავის უშვებდნენ. მე ვიყავი სრულიად მარტო. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. ტუალეტში გასვლაც კი არ შემეძლო. როდესაც სუნთქვა ძალიან მიჭირდა, ღილაკს ხელს ვაჭერდი და ველოდებოდი, როდის ჩაიცმევდნენ შესაბამის აღჭურვილობას ექიმები იმისთვის, რომ ჩემთან შემოსულიყვნენ.


ოჯახთან ტელეფონით მუდმივ კონტაქტზე ვიყავი. მამშვიდებდნენ. მეშინოდა, რომ მოვკვდებოდი. ჩემი ოჯახი მეუბნებოდა, რომ ისინი უარესისთვის იყვნენ მზად. ყველა ამოსუნთქვისთვის ვიბრძოდი. მე ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვოდი“,- იხსენებს კარენი.


კარენის თქმით, მას არასდროს დაავიწყდება ის დღე, როცა საავადმყოფო დატოვა – ის ცივი ჰაერის მასა, რომელიც სახეზე გარეთ გასვლისას მოეფინა.


ყველა ამოსუნთქვისთვის ვიბრძოდი. მე ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვოდი


„მე და ჩემი მეუღლე სახლში წავედით. სახეზე სამედიცინო ნიღბები გვეკეთა. მანქანის ფანჯარა ღია იყო. ნიავი ისეთი სასიამოვნო იყო. უცბად, ყველაზე უმნიშვნელო და პატარა რაღაცების დაფასება დავიწყე“,- ამბობს ის.


კარენი ახლა სახლშია და იზოლაციის წესებს იცავს. ის ნელ-ნელა ძლიერდება. მას კიდევ აქვს მშრალი ხველა, რომელიც, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდეს.


ჯესი კლარკი


26 წლის ჯესი კლარკმა თავიდანვე იცოდა, რომ ის ვირუსის მიმართ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მას თირკმელების ქრონიკული დაავადება აქვს. ჯესის მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება დაეწყო. რამდენიმე დღის შემდეგ მას სიარული უჭირდა.


ჯესი კლარკი


„ნეკნების, ზურგისა და მუცლის არეში დიდ ტკივილს ვგრძნობდი. თითქოს მცემეს“,- ამბობს ჯესი.


დიდ ბრიტანეთში იზოლაციის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ ჯესი მისმა შეყვარებულა საავადმყოფოში მიიყვანა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ისინი ერთმანეთს მალევე დაშორდნენ.


„ძალიან მეშინოდა მარტო ყოფნის. იმდენად საცოდავად ვგრძნობდი თავს მინდოდა, ვინმე დამხმარებოდა. ნიღაბი მომცეს და იმ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები იყვნენ.


„მინდოდა ვინმე დახმარებოდა“


სოციალური დისტანცია დაცული იყო, ერთმანეთისგან კედლებით ვიყავით გამოყოფილები. კედლებს შორის კი საწოლები იდგა.


მე კორონავირუსზე ტესტი არ გამიკეთეს. ექიმმა მითხრა, რომ ნაცხს ყველას ვერ აუღებდნენ. მისი თქმით ტკივილი, რომელსაც მე განვიცდიდი, ფილტვების ანთებისგან იყო გამოწვეული.


ამიტომ მირჩია თვით-იზოლაცია გამეგრძელებინა და ტკივილგამაყუჩებლები დამელია.


სუნთქვის გაძნელება ადრე არასდროს მქონია. ძალიან მეშინოდა. არ ვიცოდი, როდის შეწყდებოდა სუნთქვა ან იყო თუ არა ეს მდგომარეობა ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩვეული სიმპტომი“,- იხსენებს ის.


ჯესი საავადმყოფოში 6 საათს იყო. მისი შეყვარებული გარეთ უცდიდა და არ იცოდა რა ხდებოდა.


საავადმყოფოს დატოვებიდან 5 დღის შემდეგ ჯესის სიარული კვლავ უჭირდა და დღეში 18 საათს ეძინა. მას ზოგჯერ ახველებდა, თუმცა ნორმალურად სუნთქავდა.


ვიცი, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ფიქრობს, მათ ვირუსი არაფერს უზამს. მაგრამ ზოგიერთ მათგანს ის ძალიან მძიმედ გადააქვს. ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ვირუსი ახალგაზრდებს და მითუმეტეს ჩემს ასაკში, არაფერს ვნებს, მაგრამ ეს ასე არაა


სტიუარტ ბოული


სტიუარტ ბოული თითქმის დარწმუნებულია, რომ კორონავირუსით რამდენიმე კვირის წინ გამართულ გუნდურ შეხვედრაზე დაინფიცირდა.


სტიუარტ ბოული


„როდესაც ხუთშაბათს ერთმანეთს შევხვდით, ყველანი სოციალურ დისტანციას ვიცავდით. მაგრამ კვირას ადამიანთა უმეტესობას გრიპისმაგვარი სიმპტომები დაგვეწყო“,- იხსენებს ბოული.


10 დღის შემდეგ 64 წლის სტიუარტის მდგომარეობა გაუარესდა.


„თავიდან ძალიან სუსტად იწყება. მაგრამ შემდეგ ისე ვხაოდი, რომ ლამის კედლებზე ცოცვა დავიწყე. ცოტა ხანში გადაადგილებისა და ვარჯიშის უნარი წამერთვა. ვირუსი ჩემს ფილტვებს დაესხა თავს და მე ბრძოლის უნარი დავკარგე“,- ამბობს ის.


სტიუარტის ოჯახმა 111-ში დარეკა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


„ეს ყველაფერი რაღაცით ფილმს ჰგავდა. წითელ ზონაში გადამიყვანეს. იქ ძალიან ბევრ ტესტსა და ნაცხს იღებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მე კორონავირუსი მქონდა, ამიტომ ცდილობდნენ ჟანგბადის დონე აეწიათ.


რამდენიმე დღე თავს ისე ვგრძნობდი თითქოს სადღაც ბნელ ადგილას ვიყავი. ვფიქრობდი – შეიძლება ესაა, ჩემი დრო მოვიდა. მაგრამ მე მაინც სიცოცხლე მინდოდა.


ვგრძნობდი როგორ ებძოდა ვირუსი ჩემს ფილტვებს და როგორ წაიღო ამ ბრძოლამ ყველა ჩემი რესურსი. დამატებითი ჟანბადი ჩემს ფილტვებს დაეხმარა, რომ ცოტათი მაინც ამოესუნთქათ.


საავადმყოფოს პერსონალს მეტი არაფერი შეუძლია, ისინი გეხმარებიან როგორმე ებრძოლო ვირუსს. რადგან არც რაიმე ვაქცინა და არც წამალი არ არსებობს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაუძლებ“,- იხსენებს სტიუარტი.


შაბათს სტიუარტი საავადმყოფოდან გამოწერეს. ის ახლა თვითიზოლაციაშია სახლში. სტიუარტი დიდი რაოდენობით წყალს სვამს იმისთვის, რომ მის ფილტვებს საბოლოო გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.ამასობაში, მისმა გუნდმა სტიუარტს სიმღერა მიუძღვნა და Zoom-ის საშუალებით უმღერა.


„სიმღერა იყო ჩემზე, ისინი ზრუნავდნენ, მეხუტებოდნენ. ეს გასაოცარი იყო. გრძელი გზის გავლა მომიწევს იმისთვის, რომ ჩემი სასიმღერო ხმა დავიბრუნო. ახლა ჯერ კიდევ ჩახლეჩილი მაქვს და ვჩხავი“,- ამბობს ის.


წყარო