რომელ მარშრუტზე დაინიშნება ახალი ავტობუსები

  • 9 ოქტომბერი 12:04

თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება.


პირველად, 12 ძველი "ბოგდანი" N34 წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე ჩანაცვლდება.


რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური "ისანი" – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" – 4 ერთეული.


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა.


პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, "ჯი-თი გრუპ"-ისა და ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


დედაქალაქში ამ მომენტში შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო დანარჩენი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე შემოვა. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.


220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.


ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.