ახალციხის ბაზარი საკვირაო ვაჭრობისთვის 15 000 ლარით დააჯარიმეს

  • 29 მარტი 23:38

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ახალციხის ბაზარი „ალფა მარკეტი“ დააჯარიმა. სავაჭრო დაწესებულებას 15 000 ლარიანი ოქმი საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე გამოუწერეს და ორგანიზაციის დირექტორს ჩააბარეს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. დღეს კი ახალციხის ბაზარში საკვირაო, ტრადიციული ვაჭრობა გაიმართა, სადაც 10 პირზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.