პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე რეკომენდაცია მარგველაშვილის შეწყალების კომისიამაც გასცა!

  • ვერსია
  • 7 ოქტომბერი 11:01

პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მჯავრდებულის რამაზ დევაძის უფლებების დამცველი ირაკლი გაბრიჭიძე გაზეთ "ვერსიასთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ შეწყალების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების კომისაიმაც გასცა. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


_ მოწმეები თუ ამბობდნენ, წაქცეულ მუკბანიანს ესროლა დევაძემო, ხოლო ექსპერტიზამ გასროლა პირიქით _ ქვემოდან ზემოთ დააფიქსირა, სასამართლომ ეს როგორ არ გაიზიარა? 


_ არ გაიზიარა. სასამართლოზე ახლიდან დაკითხეს მოწმეები და მათ ჩვენება შეცვალეს. როცა მოსამართლეს მათი ჩვენებები დავუდეთ წინ, მან არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ადრე მიცემული ჩვენებები არ აინტერესებდა და იზიარებდა მხოლოდ იმას, რასაც სასამართლოზე ისმენდა. ამ დროს, ჩვენ ვაპელირებდით, რომ გასროლა მოხდა შემთხვევით. რაც შეეხება იარაღს, ამ კონკრეტულ იარაღზე, საუბარია "Hშ-9"-ზე, ექსპერტს პირდაპირ უწერია: 


"პისტოლეტ Hშ-9"-ს არ გააჩნია ჩახმახი, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, არის თუ არა მოყვანილი იგი საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, საკეტის გადმოწევა ლულაში არსებული ვაზნის ამოსაგდებად სახელურის ანუ ტარის მცველის დაჭერის გარეშე, შეუძლებელია. ე.ი. ცერა თითისა და ხელის გულის გადაბმის ადგილით უნდა ჩაიძიროს ტარის მცველი, უნდა მოხდეს სახელურზე ე.წ. მუშტის შეკვრა, მაგრამ ამ დროს, თუ თითი სასხლეტზე არის მოთავსებული, სასხლეტის მცველის ჩაწევას (გათიშვას) თითი ვერ გრძნობს, რა დროსაც შესაძლებელია, მოხდეს გაუთვალისწინებელი გასროლა. უსაფრთხოების მაღალი დონის მიუხედავად, გამოუცდელ და კონსტრუქციას გაუცნობიერებელ, ეიფორიაში მყოფი ადამიანის ხელში, შესაძლებელია მოხდეს შემთხვევითი გასროლა იმ დროს, როცა იგი დააპირებს სავაზნიდან ვაზნის ამოგდებას, ან სავარაუდოდ, ჩახმახის დაშვებას, რომელიც მას არ გააჩნია ანუ განმუხტვას..." 


პრაქტიკულად, ექსპერტი ჩვენ გვეთანხმებოდა და სასამართლომ ესეც არ გაითვალისწინა. სასამართლომ არ გამოითხოვა ყველაზე ახლოს მყოფი კამერის ჩანაწერები, სასამართლომ არ გაიზიარა კადრი, რომ მუცელზე მიბჯენილი იარაღით ვერ მოახერხებ დამიზნებას და ეს იყო შემთხვევითი გასროლა. 


_ ანუ, თქვენ თანახმა იყავით გაუფრთხილებელ მკვლელობის მუხლზე? 


_ რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ არ ვამბობდით, რომ დევაძეს არავინ მოუკლავს, მაგრამ ეს იყო შემთხვევით, განზრახვის გარეშე და არა ისე, როგორც ამბობდნენ. ამ მუხლზე სასჯელი 2-დან 4 წლამდეა და ჩვენც, სწორედ ამას ვითხოვდით. მოსამართლემ არაფერი გაიზიარა და არაფერი გაითვალისწინა, სააპელაციომ, დავაკონკრეტებ, ქუთაისის სააპელაციომ განაჩენი ძალაში დატოვა და ვისაც ამ უწყებასთან ჰქონია შეხება, დამეთანხმება, რომ ქუთაისის სააპელაციოში განცხადების შეტანას, უბრალოდ, აზრი არ აქვს, ხოლო უზენაესმა, საქმე წარმოებაში არ მიიღო. არადა, დარწმუნებული ვარ, უზენაესში შანსი გვექნებოდა, რადგან მტკიცებულებები ძალიან, ძალიან სერიოზული იყო. 


_ და მივედით მთავარზე _ შეწყალებაზე. 


_ პროცესი ბევრად ადრე დაიწყო. თავიდან, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას მივმართეთ. მაშინ შეწყალების კომისიაც ფუნქციონირებდა და საქმის მასალების დეტალური განხილვა კატეგორიულად მოვითხოვეთ. კომისიამ ეს საქმე შეისწავლა და დადებითი რეკომენდაცია გასცა. 


_ ანუ, მარგველაშვილის დროს არსებულმა შეწყალების კომისიამ ამ საქმეზე დადებითი რეკომენდაცია გასცა? 


_ დიახ. 


_ და რატომ არ შეიწყალა მარგველაშვილმა დევაძე? 


_ მან მოითხოვა დაზარალებულების თანხმობა და... 


_ და თქვენ ეს თანხმობა არ გქონდათ... 


_ გვქონდა, როგორ არ გვქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ამ საქმეზე სიმართლე გაეგო ყველას. იქნებოდნენ ეს დევაძის მეგობრები, დაზარალებულები, თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი. მოხდა ისე, რომ მუკბანიანის მეუღლეს გააცნეს საქმე, როგორც მე ვიცი, მან ნახა ფირიც და დარწმუნდა, რომ გასროლა იყო შემთხვევითი და არა _ მიზანმიმართული. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ მუკბანიანის მეუღლემ, ყოველგვარი ანგარებისა და ძალდატანების გარეშე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ნოტარიულად დაამოწმა, რომ დევაძის გათავისუფლების წინააღმდეგი არ იყო. 


_ მაშინ, რატომ არ შეიწყალა მარგველაშვილმა? 


_ მე ასე ვიტყვი, მას არ ეყო სიმამაცე, ვერ გაბედა გადაწყვეტილების მიღება და ეს, იმის მიუხედავად, რომ მაგიდაზე ედო შეწყალების კომისიის დასკვნა, დაზარალებულის თანხმობა და სხვადასხვა ფედერაციისა, თუ ცნობილი ადამიანების ათეულობით შუამდგომლობა. 


_ დევაძის საქმეზე რომ განცხადება არაერთმა ფედერაციამ და, მაგალითად, სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოშინოშინმა შეიტანა, მართალია? 


_ დიახ. 


_ შემდეგ რა მოხდა? 


_ შემდეგ ანალოგიური განცხადებით მივმართეთ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას. მან მიიღო დოკუმენტაცია და მოითხოვა ახალი თანხმობა დაზარალებულებისგან ანუ ჩათვალა, რომ ძველი თანხმობა არ იყო საკმარისი. მოხერხდა დაკავშირება მუკბანიანის მეუღლესთან და მან ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ახალი დოკუმენტი, ისიც ნოტარიულად დამოწმებული, თავად დატოვა. ამის შემდეგ მოხდა შეწყალება. 


_ უშუალოდ სასამართლოს მიმდინარეობის დროს რატომ არ ანახეთ დაზარალებულებს ფირი და რატომ არ გააცანით საქმის მასალები? 


_ მაშინ ამის შესაძლებლობა არ იყო. ოჯახი შოკში იყო, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი და ვერავინ მივიდოდა და ვერავინ ეტყოდა, მოდით, საქმის მასალებს გაეცანითო. თავად მეუღლეც უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ, ექიმების დახმარება სჭირდებოდა, ისეთ შოკურ და სტრესულ მდგომარეობაში იყო. 


_ სულ რამდენი მოიხადა დევაძემ? 


_ 4 წელი და 8 თვე ანუ იმაზე მეტი, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვისაა გათვალისწინებული. 


_ დევაძისა და მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ურთიერთობაზეც უნდა გკითხოთ. მაშინ აპელირებდნენ, რომ დევაძე ლავას ოღლის უახლოესი მეგობარი და დაჯგუფების წევრი იყო. 


_ მაშინ ეს ყველაფერი ოპოზიციამ თქვა, რადგან სჭირდებოდა ხმაური და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, სჭირდებოდა იმის თქმა, რომ კრიმინალებმა პოლიციელებზე ნადირობა დაიწყეს. რაც შეეხება დევაძეს, თავის დროზე, ის გორაძესთან ერთად დადიოდა ჭიდაობაზე ანუ ისინი ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ ზუსტად ისე, როგორც ვარჯიშობდა კიდევ ასი კაცი. ბავშვობაში, შეიძლება, მეც დავდიოდი სპორტის სახეობაზე რომელიმე ცნობილ, თუ უცნობ ადამიანთან ერთად და მერე რა? ადამიანს რომ იცნობ, ეს დანაშაულია? 


რაც შეეხება მეგობრობასა და დაჯგუფების წევრობას, პროკურატურამ ვერ დადო ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ბოლო წლებში, დევაძესა და ლავას ოღლის რაიმე კავშირი ჰქონიათ, ან ტელეფონით უსაუბრიათ, ან შეხვედრიან. ეს იყო ოპოზიციის მიერ, თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია. ვიღაცამ უთხრა, რომ ისინი ბავშვობაში ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ და ეს დაიხვია ხელზე. დაახლოებით, 200-300 კაცი იტყვის ბათუმში, რომ ბავშვობაში, დევაძესთან ერთად ვარჯიშობდა და შესაბამისად, გორაძესთან ერთადაც და ეს დანაშაული არ არის. 


_ ახლა რას აკეთებს დევაძე? 


_ მალე ჭიდაობაში ვეტერანთა პირველობა გაიმართება. რამაზს სურდა, ციხიდან მიეღო ამ ტურნირში მონაწილეობა, ახლა კი თავისუფლებაზე მყოფი ვარჯიშობს და აუცილებლად იჭიდავებს. ის სპორტსმენი კაცია, არ არის მილიონერი, როგორც ამას აშუქებდნენ. მისი დაჭერის შემდეგ, ოჯახს ისე გაუჭირდა, რომ ბინა ბანკში ჩადეს და დიდი ალბათობით, ამ ბინას დაკარგავენ. კიდევ ვიმეორებ, რაც ჩაიდინა დევაძემ, იმისთვის უკვე მოიხადა სასჯელი. 


_ ითქვა ისიც, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმაც მიმართა. 


_ შეწყალების საქმეში მეუფე დიმიტრის განცხადება არ დევს, შესაბამისად, ამას ვერ დავადასტურებ. იყო დევაძის პირადი მოძღვრის განცხადება, მაგრამ არა მეუფე დიმიტრისა.


 

წყარო: ვერსია