"დაგვეხმარეთ, სასმელი წყალიც კი აღარ გვაქვს" – იორდანიაში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ

  • 26 მარტი 14:33

საქართველოს 18 მოქალაქე იორდანიის დედაქალაქ ამანშია ჩარჩენილი და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. "პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა იქ მყოფი ქართველი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში გამოცხადებული კომენდატის გამო გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ და სხვა სირთულეებთან ერთად სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.

"იორდანიაში ვართ 18 ქართველი. აქ კომენდატის საათია გამოცხადებული, გარეთ ვერ გავდივართ. გუშინ ორი საათით მოხსნეს შეზღუდვა, რომ მაღაზიებში რამე ეყიდა ხალხს. ასეთ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია სახლიდან გასვლა, ვიყიდეთ მინიმალური საკვები“, – ამბობს იორდანიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქე ლაშა ყიფშიძე.


"გვეუბნებიან, რომ უფასო წყალს დაარიგებენ, მაგრამ არავინ არაფერს არ არიგებს. ყოველშემთხვევაში ჩვენთან არ მოუტანიათ.


სხვა ყველაფერს თავი, რომ გავანებოთ სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. აქ ონკანის წყალს ვერ დალევ, თუ დალევ კორონავირუსზე უარესი რამ შეიძლება დაგემართოს. გამოუვალ სიტუაციაში, უნდა გადაადუღო ეს წყალი და ისე დალიო, მაგრამ გაზიც აღარ გვაქვს. ბალონებით არის აქ გაზი. ფიზიკურად ვერ ვადუღებთ ვერაფერს. საჭმელზე აღარ მაქვს საუბარი, წყალს ვერ ვსვამთ. საშინელ მდგომარეობაში ვართ.


ახლა ქირის გადასახადი გვიწევს, ფული აღარ გვაქვს და მოგვთხოვენ დავცალოთ ბინა, მაგრამ, სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ არ ვიცით. ქუჩაში გასვლა არ შეიძლება, თუ გახვალ 1-წლიანი პატიმრობაა.


ერთი თვის წინ ჩამოვედი აქ სამუშაოდ, მაგრამ ასეთი სიტუაცია დაემთხვა.


ფიზიკურად საარსებო ფული არ გვაქვს. გუშინ ჩაი და წყალი ვიშოვეთ, მაგრამ გაზი აღარ გვაქვს, ჩაი მაინც რომ დავლიოთ.


საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორი კვირის შემდეგ იგეგმება ჩვენი გაყვანა აქედან, მაგრამ ეს ორი კვირა ხომ უნდა გავძლოთ ფიზიკურად, ხომ უნდა გადავრჩეთ. ფიზიკურად არაფერი არ გვაქვს ბინის გარდა, საიდანაც უკვე გაგვასახლებენ.


ყოველდღე 15 ახალი შემთხვევა ემატება აქ. ბოლო მონაცემებით, 180 ადამიანია დაინფიცირებული. ჩვენ დედაქალაქში ვართ და ეს პრობლემა ძაან იგრძნობა.


თანხა რომც გამოგვიგზავნონ ოჯახიდან ფიზიკურად ვერც ავიღებთ, ყველაფერი დაკეტილია, მათ შორის ბანკებიც.


უკრაინამ გაიყვანა თავისი მოქალაქეები აქედან, ჩვენ ჩავრჩით. რახან 18 ადამიანი ვართ, მაგის გამო ფრენა არ უნდა დაინიშნოს? ანუ 18 მოქალაქე თუ მოვკვდებით აქ არაუშავს?! ძალიან გთხოვთ, იქნებ სასწრაფოდ მოგვაქციონ ყურადღება. ყოველი წუთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლაშა ყიფშიძე.


ასევე დაგაინტერესებთ:


ბრიტანელი ექსპერტი: ბრავო საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვას!


"ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთ!"


წყარო