ანა მჭედლიძე: "ჯერ არავინ მყვარებია"

  • სარკე
  • 1 ოქტომბერი 21:08

ანა მჭედლიძე და მისი გმირი თამუნა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თითქოს ერთად გაიზარდნენ.

ანამ 4 წლის განმავლობაში უამრავი რამ ისწავლა, დიდი გამოცდილება შეიძინა და ამის კვალდაკვალ თამუნაც ძალიან განვითარდა. ბიზნესმენ ქმარს, თენგოს, ჭკვიანურ და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს.


ანას 27 აგვისტოს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 27 წლის გახდა. თუ როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა მსახიობი, რითია დაკავებული მაშინ, როცა სერიალის გადაღებები არ აქვს, ამის შესახებ თავად გვიამბობს.


– ამ სერიალმა ალბათ ბევრი რამ შეცვალა თქვენს ცხოვრებაში.


– დიახ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. შევიძინე მეგობრები, დიდი გამოცდილება. ამდენი ხანია, აქ ვარ და გამოცდილება უფრო და უფრო მემატება. ამ 4 წელიწადში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.


– ზოგჯერ ხდება ისე, რომ მსახიობი თამაშობს როლს, მაგრამ თავისი გმირი არ მოსწონს, არ უყვარს. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თამუნასადმი?


– საქართველოში ძალიან ბევრია ასეთი ქალი. ეს რეალობაა და ჩვენც რეალობას ვაჩვენებთ. ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს. ბოლო სეზონში ეს გოგო ძალიან შეიცვალა, დაჭკვიანდა, ქმარს რჩევებს აძლევს და სწორ გზაზე დგას. აქამდე თითქოს სულ ჩრდილში იყო. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ამ ქალს რჩევის მიცემაც შეუძლია და ისიც, რომ ქმარს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიაღებინოს. ჩემი აზრით, ეს გოგო სულ დადებითისკენ მიდის. თავიდან სხვანაირი იყო, ახლა სხვანაირია და უკვე მომწონს.


– გამოდის, რომ ადრე არ მოგწონდათ.


– არ მომწონდა, რადგან ქმარს ღალატი აპატია, სულ მისი ჩრდილის ქვეშ იყო. რასაც თენგო ეუბნებოდა, იმას აკეთებდა. ახლა ცოტ-ცოტა თითქოს იზრდება და ეს უკვე მომწონს.


– ისწავლა საკუთარი თავის ფასი?


– კი. მე მგონი, უკვე თვითონაც გაიაზრა საკუთარი ძალა და წინ მიდის.


– საინტერესოა, თქვენ როგორი ხართ, რა თვისებებს გამოარჩევთ თქვენში.


– წესით, ცუდი გოგო არ უნდა ვიყო. მთავარია, რომ კონფლიქტის მოყვარული არ ვარ და ეს ძალიან მეხმარება ცხოვრებაში. ყველაფერს მარტივად ვუყურებ და ეს მომწონს ჩემში. არ მომწონს ის, რომ ისეთ რაღაცებში ვკარგავ ბევრ დროს, რაშიც არ უნდა დავკარგო. მაგალითად, მეგობრებთან ერთად ყოფნა ძალიან კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება მათთან 10 საათი არ იყო და 5 საათი კიდევ რაიმე ღირებულს დაუთმო.


ადამიანებს ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ბევრი რამ ვაკეთოთ, მაგრამ რაღაც გვიშლის ხელს. არ ვიცით, საიდან დავიწყოთ, როგორ მივუდგეთ. მგონია, რომ ბევრ დროს ვკარგავ, თან იმაზეც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობის წლები ისეთია, თავისუფლად უნდა გაატარო. ხედავთ, რა მიშლის ხელს? მგონია, რომ ახალგაზრდობა უნდა შევირგო და ამიტომ ვარ ასე.


– პრინციპული ხართ?


– კი, ძალიან პრინციპული ვარ და, მგონია, რომ ეს კარგია. გადაწყვეტილებას მარტივად ვიღებ და მერე იმ აზრზე ვრჩები.


– თავისუფალია თქვენი გული თუ ვინმე გამოჩნდა პირადში?


– კი, თავისუფალია.


– როგორ ადამიანს ისურვებდით გვერდით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ერთადერთი?


– ყველაზე მთავარი ურთიერთგაგებაა. ერთმანეთთან ურთიერთობა საინტერესო უნდა იყოს, ერთიმეორესთან არ უნდა მოვიწყინოთ.


– ყოფილხართ შეყვარებული?


– არა.


– ზაფხულის ცხელი დღეები სად და ვისთან ერთად გაატარეთ?


– ორ მეგობართან და ჩემი მეგობრის დედასთან ერთად სვანეთში ვიყავი. რასაც ველოდი, ეს კუთხე ათჯერ მეტი ყოფილა. ძალიან მომეწონა.


– ზაფხულის ცხელი სეზონის მერე ქალები თავის მოწესრიგებას იწყებენ, სხვადასხვა პროცედურებს მიმართავენ. თქვენ როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?


– ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ვიყენებ. სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ. თუ ვვარჯიშობ, კილოგრამების მოსამატებლად და არა – დასაკლებად. 41 კილო ვარ.


– იმედია, სერიალის გადასაღებ მოედანს მალე დაუბრუნდებით და თქვენი გმირის ხაზი საინტერესოდ განვითარდება. მანამდე კი რას აკეთებთ, რომელიმე თეატრში თუ ხართ დაკავებული?


– სიღნაღის თეატრში ვთამაშობ, ასევე – მარნეულის კულტურის სახლში მიწვეული მსახიობი ვარ.

წყარო: სარკე