ბევრი მეტყვის: ეს როგორ გააკეთე, ქმარის ბავშვობის მეგობარს როგორ ჩაუგორდი საწოლშიო... მაგრამ სულ არ მაღელვებს

  • თბილისელები
  • 30 სექტემბერი 16:16

ჟირნალი "თბილისელები" რუბრიკაში "მოდი ვილაპარაკოთ" 36 წლის თაკოს ისტორიას ავრცელებს.

ქმართან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია. უსიყვარულოდ გამათხოვა ოჯახმა და მეც ბედს შევეგუე.


ასაკით ჩემზე დიდია, ყურადღებას არ მაკლებს, ყველაფერი მაქვს, შვილებიც გვყავს და უზრუნველი ცხოვრებაც... არავინ თქვას, მეტი რა უნდა ქალსო.


არ არის ასე, ვერ შევიყვარე, მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მის გვერდით ყოფნისას მთავარს – სიყვარულით ტკბობას ვერ განვიცდი. ახლა ვდარდობ, ნეტავ არ დამეჯერებინა ჩემი მშობლებისთვის, თავი არ დამეღუპა და არ გავყოლოდი ისეთ კაცს, ვის გვერდითაც სიამოვნებას ვერ ვგრძნობ, მხოლოდ მოვალეობა მაკავშირებს და სითბოსა და სიყვარულს სხვა მამაკაცებში ვეძებ. ჩემს ქმარს ერთი ბავშვობის მეგობარი ჰყავს, რომელიც ხშირად ამოდის ჩვენთან, ოჯახში. ჩვენი მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხელი რომ მოვაწერეთ, თბილისში არ იყო და ამის გამო სხვა დაგვიდგა გვერდით. მოკლედ, მაშინ გავიცანი, მოსალოცად რომ მოვიდა. დავინახე თუ არა, იმ დღიდან მასზე ვფიქრობდი. მოსვენება დავკარგე. მსგავსი მამაკაცური, თბილი და რაღაცნაირად მიმზიდველი მამაკაცი არ მინახავს. სულ სხვანაირად მიზიდავს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წლები ვითმინე და ბოლოს ჩემს ქმარს მასთან ვუღალატე. ბევრი მეტყვის: უნამუსო ქალი ხარ, ეს როგორ გააკეთე, ქმარი როგორ გაცვალე სხვა კაცზე, მისი ბავშვობის მეგობარს როგორ ჩაუგორდი საწოლშიო... მაგრამ სულ არ მაღელვებს, ვინ რას იტყვის. თანაც, უკვე ერთ წელზე მეტია, მასთან ვარ და ვერავინ ვერაფერს ხვდება. სწორედ მის გვერიდით ვიგრძენი იმ სითბოსა და ალერსის გემო, რასაც ქალი უნდა განიცდიდეს მამაკაცის გვერდით. ფაქტია, მასაც ძალიან ვუყვარვარ და ამას ხშირად მეუბნება კიდეც. თუმცა, ჩვენი ერთად ცხოვრება არ გამოვა. სანამ ერთმანეთი გვიზიდავს და გვიყვარს ვიქნებით ერთად, მერე კი რაც იქნება, იქნება. ზუსტად ვიცი, არასდროს ვინანებ იმას, რომ ქმარს მასთან ვუღალატე. ამას წინათ, ტელევიზორში ფილმი გადიოდა, მე და ჩემი ქმარი ვუყურებდით. იქ იყო მსგავსი სიუჟეტი და ვკითხე: ასე რომ მოვიქცე, რას იზამ-მეთქი. მშვიდად, აუღელვებლად მიპასუხა: ვიცი, ასე არ მოიქცევი, არაფერი გაკლია, უზრუნველი ცხოვრება გაქვს და ღალატზე არც იფიქრებო. ამ სულელმა რა იცის, რომ ვიფიქრე კი არა, გავაკეთე კიდეც. თან, მისმა აუღელვებლობამ გამაოცა. ხვდება, რომ არ მიყვარს, მის გვერდით თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, არც სრულფასოვანი სექსი გვაქვს, იცის ჩემი ტემპერამენტის ამბავი და მაინც სჯერა, რომ სხვა კაცისკენ არ გავიხედავ. ამ ცხოვრებაში ერთხელ მოვედი და თუ კაცის ალერსი და სითბო ვერ შევიგრძენი, მხოლოდ დიასახლისობა და ფორმალური ცოლობა არ მინდა. გაშორებაზეც ვერ ვიფიქრებ, რადგან გამიჭირდება. ასეც რომ მოვიქცე, ვიცი, შვილებს არაფერს მოაკლებს, მაგრამ მე არ მაქვს იმდენი ქონება და განათლება, ჩემით ვირჩინო თავი. თანაც, არ მინდა ყველამ გაიგოს, რომ მისი ბავშვობის მეგობართან მაქვს რომანი. მირჩევნია, მშვიდად, წყნარად და გაუხმაურებლად მივიღო ის, რაც ქმართან მაკლია. მართალია, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ როცა ვახერხებთ, ერთმანეთით ისე ვტკბებით, დიდხანს მიგვყვება. კიდევ ვამბობ, არ ვდარდობ ღალატს. ჩემი ქმარი რომ მიყვარდეს, სხვა კაცისკენ გამხედავი არ ვარ, მაგრამ მართლა რთულია, როცა არ გიყვარს. მის გვერდით მხოლოდ ცოლის სტატუსი მაქვს და ფორმალურად მქვია მეუღლე. ეს ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ვინც ჩემნაირად ცხოვრობს, ის მიხვდება, გამიგებს და არ გამკიცხავს. ჩემი გამოცდილებიდან კი, ჩემს შვილებს არასოდეს დავუშლი იმ ადამიანის გვერდით ყოფნას, ვინც უყვართ. რად უნდათ ბევრი ფული და გაწყობილი სახლ-კარი, თუ სიყვარული, ვნება და ურთიერთგაგება არ ექნებათ. ჩემზე კი, ვინც რა უნდა ის თქვას, მე თავს ბედნიერად ვგრძნობ, არც სინდისის ქენჯნა მაწუხებს და არც ის მაღელვებს, რომ ქმრიან ქალს საყვარელი მყავს.


თაკო, 36 წლის.

წყარო: თბილისელები