“ჩემს ცოლს სხვა კაცი შეუყვარდა, მაგრამ ვაპატიე”

  • სარკე
  • 29 სექტემბერი 17:13

იშვიათად, მაგრამ მაინც არიან მამაკაცები, რომლებსაც ქალის გაგების, მიტევების, თმენის, თანაგრძნობის და დაცვის უნარი აქვთ. 

მზად არიან, მიუტევონ წარსულისა და აწმყოს შეცდომები, მის ღალატს “ღალატი” არ დაარქვან, მიზეზი საკუთარ თავსა და გარემო პირობებში ეძიონ, ქალს კი ხინჯიც არ მიაყენონ, ის სიმაღლე და ღირსება შეუნარჩუნონ, რისთვისაც თავის დროზე შეიყვარეს და პატივს სცემდნენ.


ჩვენმა რესპონდენტმა, 60 წლამდე მამაკაცმა, გრიგოლმა, თავისი მეორე ნახევრის მიმართ გამოჩენილი ასეთი დიდსულოვნებით გაგვაოცა.


გრიგოლი:


– არ ვიცი, მკითხველი რამდენად გამიგებს, როგორ შეხვდება ჩემს აღსარებას. ზოგადად გულწრფელი ადამიანი ვარ, არაფერს ვმალავ. ვერ ვიტყვი, რომ ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ჩემი სიმართლეა. თუ ვთვლი, რომ რაღაც სიტუაციაში მართალი ვარ, შესაბამისადაც ვიქცევი.


საქმე თუ პირად ცხოვრებას ეხება, შენზე უკეთ ვერავინ მიხვდება, როგორ მოიქცე, გარშემომყოფები არც უნდა ჩარიო.


სოფელში გავიზარდე ორ ძმასთან ერთად. სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი, გავიცანი სალომე – მაღალი, ეშხიანი, ჩამოქნილი ტანით, გრძელ ნაწნავს ატარებდა. ასეთ გოგოზე ვერც ვიოცნებებდი. ზოგადად არ ვიყავი მორცხვი, მაგრამ მისი დანახვისას ვწითლდებოდი. ცასა და დედამიწასავით ვჩანდით, მომწონდა, მაგრამ მის სიყვარულზე ვერ ვფიქრობდი. თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი, მეშინოდა, რომ სოფლელ ბიჭს უარს მეტყოდა, გაწბილებული და დამცირებული დავრჩებოდი.


დავუახლოვდით ისე, როგორც მეგობარი. გულწრფელი იყო, ერთმანეთს ამით ვგავდით. თავის სიყვარულზე მომიყვა, როგორ შეუყვარდა ასაკით უფროსი მამაკაცი, მან კი გამოუცდელი გოგოს გრძნობით ისარგებლა, აცდუნა, მიატოვა. ეს ორმხრივი ტრავმა იყო: სიყვარულში გაწბილება და ქალწულობის დაკარგვა – ქალიშვილობა მაშინ ჯერ კიდევ ითვლებოდა ღირსებად. ამით ახალგაზრდა, მშვენიერ გოგოს ნდობაც შეერყა და თვითრწმენაც, ხალხიც ცუდი თვალით შეხედავდა, შეიძლებოდა აღარავის ეთხოვა.


ეს რომ მითხრა, აღმომხდა – შენისთანა კარგ და ლამაზ გოგოს ცოლად ვინ არ მოიყვანს-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა და ამოიოხრა, ნეტავ, ვის ვუნდივარო. თუ მიკადრებ და გამომყვები, წაგიყვან-მეთქი, მივმართე. თავიდან ეგონა, თავაზიანობისთვის, სანუგეშოდ ვუთხარი. რომ შემატყო, არ ვხუმრობდი, მიპასუხა, არ მინდა, შენი წესიერებით ვისარგებლო, მართალია, ჩემთვის ხელსაყრელია გათხოვება, განათხოვრის სახელით უფრო იოლია ცხოვრება, ვიდრე შეცდენილის, მაგრამ ამ სტატუსის გამო ვერ გამოგიყენებო.


მივხვდი, რომ ქორწინება წარსულის ლაქის გადასაფარად უნდოდა. უსიყვარულოდ ვერ გათხოვდებოდა, არადა ეშინოდა, არ დაეწუნებინათ. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი გარიგებისთვის – ფორმალურად ვიქორწინებდით და, როცა თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ, გავიყრებოდით. დამთანხმდა.


– ახალგაზრდა კაცი რისკზე წასულხართ, ამით პირად ცხოვრებას დებდით სასწორზე.


– დიახ. სალომეს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც საქმრო, ისე მიმიყვანა გასაცნობად. სალომეზე სიმართლე იცოდნენ, მაგრამ ეგონათ, მართლა ვერთდებოდით. შვილისთვის ალბათ უკეთესი უნდოდათ, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწიეს. ერჩივნათ, სალომეს ქმარი ჰყოლოდა, ვიდრე მარტო ყოფილიყო.


მთხოვეს, შვილს შენთან, ნაქირავებ ბინაში ვერ გამოვუშვებთ და ჯობს, ჩვენთან იცხოვროთო. შევყოყმანდი. სალომემ მანიშნა, დათანხმდიო. ეშინოდა, ჩემ წინააღმდეგ არ წასულიყვნენ და ქორწინებაზე უარი არ ეთქვათ. ხელი მოვაწერეთ, მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად აღვნიშნეთ სადად, უბრალოდ.


რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. უნდა მეცხოვრა სასურველ ქალთან ერთად, ერთ ჭერქვეშ დაგვეძინა და არ შევხებოდი.


– შეძელით?


– იატაკზე ვწვებოდი. ვერც მე ვიძინებდი, ვერც ის. რა უნდა გვექნა – გვიანობამდე ვლაპარაკობდით, ვჩურჩულებდით. სალომე თუ დაიძინებდა, წამოვჯდებოდი და მთვარის შუქით განათებულ მის სახეს ვუყურებდი. შევიგრძენი, რომ უზომოდ მიყვარდა. მისთვის ყველაფერზე წავიდოდი.


სწავლას თავი დავანებე და სამსახური დავიწყე, სალომეს ოჯახის მანდილოსნებთან რომ არ შევრცხვენილიყავი. ვატყობდი, რომ ჩემს ყოველ მოქმედებას აკვირდებოდნენ და წონიდნენ, ასე ვთქვათ, შესწავლის პროცესში ვიყავი. ცოლქმრობანას თამაში გვიწევდა – ჩვენისთანა ნატურისთვის თამაში არ იყო ადვილი.

წყარო: სარკე