როგორ უნდა დაძლიოს ქალმა ქმრის ღალატით მიყენებული ტკივილი ?

  • თბილისელები
  • 28 სექტემბერი 18:28

ყველაფრის პატიება შეიძლება, მით უფრო, თუ ადამიანი გიყვარს.

თავარია, ჩვენ თავად ვიცოდეთ, რა გვინდა, რამდენად ძვირფასია ის ჩვენთვის და როგორ წარმოგვიდგენია ცხოვრება ღალატის შემდეგ. ბუნებრივია, ღალატი ძლიერი სტრესია, თავისი უარყოფითი გამოვლინებებით. მძიმე შედეგებითა და ტკივილით. ზოგადად, რატომ და როდის უნდა აპატიოს ქალმა ქმარს ღალატი და როგორ უნდა მოიქცეს გადატანილი სტრესის შემდეგ.
მარი (38 წლის): ოჯახი ცოტა გვიან შევქმენი, 32 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე ოთხი წლით უფროსია. არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩვენი ქორწინება დიდი სიყვარულის შედეგი იყო. კარგი მეგობრები ვიყავით. ერთად ვმუშაობდით. ერთ დღეს შევხედე, მანაც შემომხედა და ორივე მივხვდით, რომ ჩვენ შორის რაღაც განსაკუთრებული მოხდა. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე არასდროს ვყოფილვართ. დაახლოებით ორი წლის თავზე ოჯახი შევქმენით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემი ქმრის ცხოვრებაში ძველი სიყვარული არ გამოჩნდა და თავი არ შეახსენა.
– რას ეძახით ძველ სიყვარულს?
– პარტნიორ ქალს, რომელიც ჩვენს გაცნობამდე ჰყავდა. ათი წლით უფროსი იყო ჩემს მეუღლეზე. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ასაკის გამო სიყვარულისა და პირადი ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. უბრალოდ, მე გადამექცა ეს პრობლემად. როცა ჩვენი ურთიერთობა გასერიოზულდა, იმ ქალს თურმე თავი დაანება.
– ანუ, ისე გაჰყევით ცოლად, რომ ეს ამბავი არ იცოდით?
– არა. მე ხომ არ მეტყოდა, საყვარელი მყავს და შენ გამო თავს ვანებებო. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ვუყვარდი და ჩემთვის ტკივილის მოყენება არ უნდოდა. დავქორწინდით. ორი შვილი შეგვეძინა და ბედნიერი ოჯახიც გვქონდა. და ის ქალი ისევ გამოჩნდა, ჩვენი დაქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ. წარმოგიდგენიათ? ჩემმა ქმარმაც ცდუნებას ვეღარ გაუძლო.
– რას ნიშნავს, ცდუნებას ვერ გაუძლო? ამართლებთ?
– ჩემმა ქმარმა გულახდილად მომიყვა ყველაფერი, თორემ დეტალებს საიდან გავიგებდი. მითხრა, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს ექნებოდა და რაც იყო, ჩვენ შეხვედრამდე იყო. ჩემი ქმარი ასეთი ტიპია – არაფერს მიმალავს, გულახდილია. ამიტომ მისი საყვარლის გამოჩენის ამბავი პირველმა მე შევიტყვე.
– როგორ მშვიდად საუბრობთ ამაზე.
– იცით, რაშია საქმე? ზედმეტი ემოციები ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს. როცა ეს ამბავი გავიგე, ქმარმა მითხრა – იმ ქალის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მაგრამ მას ჩემთან ურთიერთობა უნდა, ამბობს, რომ ვერ დამივიწყაო. დავუჯერე. ვიცოდი, რომ ბევრი ქალი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდაც კაცი „დაითრიოს“. ისევ ქმრის იმედი მქონდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიღალატებდა, მაგრამ იმ ქალმა ყველაფერი გააკეთა და თავისი მაინც გაიტანა. როგორც ჩანს, ჩემი ქმრის თავდაპირველმა უარმა უფრო გაამწარა და გააქტიურდა.

წყარო: თბილისელები