ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის, სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენ

  • sarkenews.ge
  • 27 სექტემბერი 18:09

ერთი წლის წინ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

“ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა, ის იყო ტატა რევიშვილი. ის თვითონ ქმნიდა ამინდს, მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად. ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. ალბათ იმიტომ, რომ მასთან ვერასდროს მოიწყენდი… ის იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…” – წერდა შვილმკვდარი დედა სოციალურ ქსელში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.


ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დიდი ხანია ეკლესიურად ცხოვრობენ და ქარელში, ძამის ხეობაში, სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის მრევლი არიან. წყვილი თავს დატეხილ უბედურებამდე ხშირად დადიოდა სარკინეთში. ბოლო ერთი წელი კი ფაქტობრივად სულ იქ არიან და შვილის სახელზე ახალ ტაძარს, არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარი ხელით აგებენ.


“ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით დახმარების სურვილი. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში”, – დაწერა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ.


ტაძარი, რომელიც ძამის ხეობაში ტატიანა რევიშვილის სახელზე შენდება, წმინდა ნიკოლოზის სახელობის იქნება. ის კახეთში მდებარე ტაძრის, კვეტერას, ანალოგი გახლავთ. ბერი კი, რომელსაც თიკო ახსენებს, მამა ანუბი მენაღარიშვილია – რევიშვილების უმცროსი შვილის ნათლია.


მამა ანუბი “სარკეს” მოუყვა, რა ძალა აქვს შვილის სახელზე აგებულ ტაძარს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას ცოლ-ქმარი 9 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას დაკარგვის შემდეგ.


მამა ანუბი: ტაძარი სარკინეთის მამათა მონასტერში შენდება. ქრისტიანული სწავლებით, ბავშვი უცოდველია. ტატა კი ისედაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. მას არ სჭირდებოდა ჩვენგან ამ ტაძრის აშენება. ეს უფრო მეტად ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება და, მით უმეტეს, ტატას ოჯახის წევრებს, რომლებსაც მის გარეშე მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება.


ამ ტაძრის აშენება უდიდესი მადლია ტატას მშობლებისთვის, რადგან ისინი ახლა ზრუნავენ თავიანთი შვილის და სხვათა სულისთვის. ეკლესიის კედლებს შეუძლიათ ძალიან დიდი სულიერი სარგებელი მოუტანონ ადამიანებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ კედლებში გაცოცხლდა ამ ბავშვის სახელი და ამ კედლებთან ერთად იარსებებს ბოლომდე, სანამ ეს ტაძარი იქნება. ამაზე დიდ სიკეთეს და მადლს ვერავინ გააკეთებს.


– ვისი სახელობის იქნება ეს ტაძარი?


– წმინდა ნიკოლოზის. ნუკრის ეს წმინდანი გამორჩეულად უყვარს და ერთად გადავწყვიტეთ, რომ მის სახელზე აგვეშენებინა ტაძარი.


– ნუკრის და თიკოს რამდენი ხანია იცნობთ?


– ნუკრი და თიკო ჩვენი მონასტრის მრევლი არიან უკვე დიდი ხანია. მე მათი პატარა შვილის ნათლია ვარ. მათი საახლობლო ჩვენი მრევლი იყო. თავიდან მათთან ერთად ჩამოვიდნენ, მერე ჩვენც დავახლოვდით. ჩვენთან ძალიან ბევრი ფეხბურთელი დადის, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ნუკრი გამორჩეულია თავისი თავმდაბლობით, მოკრძალებით, ბუნებით… ძალიან კეთილი და უბოროტო ადამიანია და ამანაც განაპირობა ჩვენი დაახლოება. მალევე გავიცანი მთელი ოჯახიც. ბავშვებთან ერთად ჩამოდიოდნენ.


ტატა რამდენჯერმე არის ჩვენს მონასტერში ნამყოფი. გამორჩეულად სიცოცხლით სავსე იყო, ძალიან ცოტა მინახავს ასეთი ბავშვი. თავისი პატარა ასაკის მიუხედავად, მოასწრო, რომ ბევრი რამ ჩაეტია ამ 9 წელში. უზომოდ საყვარელი ბავშვი იყო, შეუძლებელი იყო, გენახა და არ დაგმახსოვრებოდა. საოცრად მოუსვენარი იყო და მისი თვალებიდან სიცოცხლე ანათებდა. მშობლებისთვის ხომ მამოძრავებელი ძარღვი იყო, მთელი ოჯახის სული და გული.


– ტაძარი მთლიანად ტატას ოჯახის შემოწირული თანხით შენდება?


– ტაძარს აშენებს ეს ოჯახი, მაგრამ შარშან, როცა თიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, ტატას სახელზე ტაძრის აშენება გადავწყვიტეთო, ძალიან ბევრი დაუდგა მათ გვერდით და დაგვეხმარნენ. ხელი მოგვემართა, რომ დაგვეწყო ტაძრის მშენებლობა და აქამდე მოგვეყვანა. თავიდან, ცხელ გულზე, ყველამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და მაშინ დაგვეხმარნენ. მას მერე ყველა ხარჯს ეს ოჯახი სწევს.


– რამხელა ტაძარია და რა ეტაპზეა მშენებლობა?


– კახეთში მდებარე კვეტერას ტაძრის ანალოგია. 14 მეტრია ტაძრის სიმაღლე და 10/10-ზე სიგანე. კარკასი დასრულებულია და ახლა მოპირკეთების სამუშაოებია დაწყებული, რომელიც რაღაც ეტაპამდეა მიყვანილი, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო და ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული ფინანსებია საჭირო, რომ მთლიანად დასრულდეს.


 
წყარო: sarkenews.ge