"...რუსეთში ჩავალ და დიდ კონცერტს გავმართავ" - კიკაბიძე რუსეთში ჩასვლაზე

  • სარკე
  • 25 სექტემბერი 23:09

"წავა თუ არა ოდესმე რუსეთში და გამართავს თუ არ იქ კონცერტს", - ამ კითხვას ლეგენდარულმა ქართველმა მომღერლმა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში უპასუხა.

 


მისი თქმით, ის რუსეთში მაშინ ჩავა, როცა პუტინის ხელისუფლება შეიცვლება.


ბატონო ვახტანგ,  უკვე მრავალი წელია, არ დადიხართ რუსეთში და პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე ხართ. თქვენით მუდმივად ინტერესდება რუსული მასმედია და კონცერტებზე მიწვევებიც ხშირია. რას ფიქრობთ ამ ურთიერთობებზე და წახვალთ თუ არა ოდესმე რუსეთში?


"როცა პუტინის ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ჩავალ და დიდ კონცერტს გავმართავ. ეს – მოკლედ, ახლა უფრო ვრცლად გიპასუხებ: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, მე კი ხალხთა მეგობრობის ორდენი გამომიგზავნა. არც დავფიქრებულვარ, უკან გავუგზავნე.


"მიმინო" უმეტესობას კომედია ჰგონია, არადა ფილმი ქვეყნის სიყვარულზეა. "დიდმა ავიაციამ" არ უნდა მოგხიბლოს და გაგიტაცოს. შენი, თუნდაც ძალიან პატარა ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მასთან ერთად უნდა იყო უბედურიც და ბედნიერიც. შენს სამშობლოში უნდა ააშენო სახლი, დარგო ხე, გაზარდო თაობა. მე რომ ოკუპანტის ორდენი ამეღო, შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ შემეხედა, ჩემი სიმღერის სიმართლეში ჩემი ხალხი როგორ დამერწმუნებინა?!


იცით, რატომ არის ჩემი რუსულენოვანი საკონცერტო პროგრამა მისაღები? საუკეთესო პოეტების ტექსტებია, იქ სიყვარულზეა საუბარი, მშვიდობაზე, სიკეთეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე. რუსი კაცი ჩემს სიმღერაში თავის ნაფიქრს და ნანატრს ისმენდა და ამიტომ შემიყვარა, ამიტომ უხაროდათ ჩემთან შეხვედრა. მე კი მათ მანამდე ვერ ვუმღერებ, სანამ მათი უმაღლესი ხელისუფალი, ჩემი, როგორც მოქალაქის, ეროვნულ ინტერესს შეურაცხყოფს და ჩემი მიწის შესაბილწად რუსულ ჩექმას იყენებს."


 

წყარო: სარკე