როგორ ავიცილოთ თავიდან ენერგეტიკულად საშიში ადგილების ზეგავლენა ?

  • თბილისელები
  • 24 სექტემბერი 15:22

დღეს ყველამ იცის, რომ სივრცე ჩვენ ირგვლივ პირდაპირ გაჯერებულია ენერგიის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნაკადებით. 

თავდასაცავად, აუცილებელია, იცოდეთ სად არის ჩასაფრებული ბნელი ძალა, რის გარკვევაშიც დაგვეხმარება ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნელი ბ.


– გამიგია, რომ მიტოვებულ სახლებში უწმინდური სულები ბუდობენ...
– მართალია. ცუდი ენერგეტიკის ადგილებიდან, უპირველესად, სწორედ მიტოვებული სახლები და ის ძველისძველი შენობები გამოირჩევა, დიდი ხანია, ნანგრევებად რომ ქცეულა. საერთოდ, ყველაფერი დანგრეული და უსარგებლო სავსეა უარყოფითი ენერგეტიკით და მათ შორის, შენობა იმიტომაა განსაკუთრებით საშიში, რომ მასიურია და ნეგატივიც დიდი რაოდენობით გროვდება. ასეთ ადგილზე მოხვედრისთანავე მასში არსებული უარყოფითი ზეგავლენა მაშინვე მოქმედებს ადამიანის შინაგან განწყობაზე: შიში და შფოთვა იპყრობს, აგრესიული ხდება ან უჩნდება სურვილი, მაშინვე დატოვოს იქაურობა. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი იძულებულია, რომ მიტოვებულ სახლში იცხოვროს, დროთა განმავლობაში მას შეიძლება, ფსიქიკური პრობლემებიც შეექმნას.
– თუმცა, ამბობენ, რომ ყველაზე მეტად გზაჯვარედინებს უნდა ერიდოო...
– გზაჯვარედინი რომ ის ადგილია, სადაც მაგიური რიტუალები ტარდება, ანუ ყველაფერი ის, რაც ეშმაკისეულს უკავშირდება, ალბათ, ყველამ იცის. სწორედ ამ ადგილებში ყრიან ხოლმე ძლიერი ნეგატიური მუხტის მქონე ნივთებს; სწორედ აქედან უთვლიან წყევლას და უგზავნიან ჯადოს სამიზნე ობიექტს. ამიტომაცაა, რომ გზაჯვარედინიდან მუდმივად მოდის ნეგატივი, რომელიც მოქმედებს ყველაფერზე, რაც ან ვინც იმ ადგილზე გაჭაჭანდება. ბნელ ძალებს რომ არ დაექვემდებაროთ, გზაჯვარედინზე გავლისას, რაიმე მნიშვნელოვანზე არ უნდა იფიქროთ და არც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცადოთ. გარდა ამის, ძალიანაც რომ მოგეწონოთ, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ რამე ძირიდან. გზაჯვარედინზე ხშირად ისეთ ნივთებს აგდებენ, ჯადოს ან გათვალვისთვის რომ არის განკუთვნილი.
– ახსენეთ, სადაც ჭუჭყი და სიბინძურეა, ნეგატივიც იქ გროვდებაო, კიდევ რა ადგილებია ასეთი?
– ასეთია, მაგალითად, სიბინძურით სავსე არხი, რომელიც ფაქტობრივად, ნეგატიური ენერგიის „თავშეყრის“ ცენტრია. ასეთთა რიცხვში განსაკუთრებით „გამოირჩევა“ კომუნიკაციის ზოგიერთი ისეთი საშუალება, როგორიც საკანალიზაციო ჭაა. არსებობს მინიშნებაც: თუ საკანალიზაციო ჭის ლუქზე დადგები, უბედურებისთვის უნდა მოემზადოო. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭირსა და უბედურებას გაექეცით, აღნიშნულ ლუქთან კონტაქტი წაგართმევთ სასიცოცხლო ძალას და გაგიფუჭებთ ხასიათს, რადგან ასეთი უკეთური ადგილი ადამიანის ენერგეტიკას არღვევს. აქვე მოვიხსენიებ ჩამდინარე თხრილებსაც. ასეთ თხრილებს შეუძლია, ადამიანის ბიოველზე საკანალიზაციო ჭაზე ძლიერი ზეგავლენაც კი მოახდინოს. სწორედ იქ შეიგრძნობთ ცხადად და ასევე, იხილავთ კიდეც მთელი ქალაქის უწმინდურთა შეკრებას. ამიტომაცაა, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო ძლიერ ნეგატიურ ენერგიის ნაკადს ეჯახება და შესაბამისად, ნეგატიური ემოციების უფრო დიდ პორციასაც იღებს, რითაც გაცილებით ძლიერ დარტყმას აყენებთ საკუთარ ბიოველს. ასეთ ადგილზე დიდხანს ყოფნის, ან უფრო მეტიც, ცხოვრების შემთხვევაში, საფრთხის რისკიც ძალიან დიდია – შეიძლება უბედურების, უსიამოვნო სიტუაციებისა და მძიმე დაავადებების მთელი წყება „აიკიდოთ“. ზოგს კი ჩამდინარე თხრილების მახლობლად ცხოვრება სიცოცხლის ფასადაც კი უჯდება.

წყარო: თბილისელები