ლოლა წერეთელი: ”გიორგი ყოველთვის მეყვარება, აჩის თავისი ადგილი აქვს”

  • სარკე
  • 23 სექტემბერი 21:19

ცუდი რამ მოხდა. ჩემი მეუღლე მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება.

ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული და ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან. არასდროს მყვარებია ისე, როგორც მიყვარს გიორგი. არც ვამბობ, ყოფილი მეუღლე-მეთქი. ცხოვრების ბოლომდე ჩემი ქმარი იქნება…


რაც მთავარია, არ ვარ ცუდად, არ ვარ პანიკაში. მადლობელი ვარ, რაც იყო და რითიც ახლა ვცხოვრობ. მხიარული ვარ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მომღერალი ვარ და, როგორც მომღერალი, როგორც ქალი, ვალდებული ვარ, კარგად ვიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რა მოხდება. იმედი ბოლოს კვდება. 8 წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით. კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება…” – რამდენიმე თვის წინ ასეთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა პოპულარული სიმღერების ავტორმა და შემსრულებელმა, ლოლა წერეთელმა, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში. ის საუბრობდა გიორგი წერეთელზე, რომელთან ერთადაც არაერთი დუეტი აქვს შესრულებული.


ისინი ჰარმონიული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაში, მაგრამ… თუ რა მოხდა მათ შორის, რამ დაანგრია ეს ურთიერთობა, ამის შესახებ არც ერთი არაფერს ამბობს და ჟურნალისტების კითხვებსაც გაურბიან. მუსიკალურ კარიერასაც ორივე ცალ-ცალკე აგრძელებს.


ახლახან ლოლამ მომღერალ აჩი ფურცელაძესთან ერთად დუეტი ჩაწერა. სიმღერას ჰქვია – “ჩემი გულის ვარდი ხარ”, რომელიც რადიოჩარტებში უკვე საკმაოდ პოპულარულია. ლოლამ ახალ დუეტზე, ცხოვრების ახლანდელ ეტაპსა და თავის მარტოობაზე “სარკესთან” გულახდილად ისაუბრა.


– ქალბატონო ლოლა, თქვენი ახალი სიმღერის გამოსვლის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში გიორგი წერეთელი აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა…


– გიორგის არასდროს არავინ ჩაანაცვლებს, არც სიმღერით და არც არაფრით! ის არის ჩემთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. აჩის აქვს თავისი ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება.


– ფიქრობთ, რომ ისევ იმღერებთ თქვენ და გიორგი ერთად?


– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება ოდესმე ისევ ვიმღეროთ ერთად. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.


– ისე ჩანს, რომ გაშორებამ არაფერი შეცვალა და ყოფილი ქმრის მიმართ თქვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა.


– დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი ქმარი მიყვარდა, მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ეს არის კანონი და სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის.

წყარო: სარკე