სკანდალური საპრეზიდენტო შეწყალებები და ოპოზიციის სამმაგი სტანდარტი - გურამ ნიკოლაშვილის „დღის ქრონიკა“

  • 23 სექტემბერი 14:10

შეწყალება - ჰუმანური აქტი თუ მანკიერი პრაქტიკა?! – სკანდალური საპრეზიდენტო შეწყალებები ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკამ“ გაიხსენა.

„პრეზიდენტების შეწყალებების მიმართ ოპოზიცია სამმაგ სტანდარტს აწესებს - როდესაც სააკაშვილი იწყალებდა გირგვლიანის მკვლელებს, ეს უპირობოდ პოზიტიური აქტი იყო. მარგველაშვილის შემთხვევაში, როგორც კი ის „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირების რეჟიმში გადავიდა, მისი შეწყალების აქტები ოპოზიციამ „გაატარა“, ხოლო სალომე ზურაბიშვილის შეწყალება მომენტალურად მასზე თავდასხმის საგანი გახდა“, - ამბობს ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკის“ ავტორი და წამყვანი გურამ ნიკოლაშვილი.


გადაცემის ავტორი და წამყვანი გურამ ნიკოლაშვილი წინა პრეზიდენტების დროს შეწყალებების გახმაურებულ შემთხვევებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ თემაზე პრეზიდენტების სკანდალში გახვევა უკვე ტრადიციად იქცა. გამონაკლისი არც სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა.


„2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების აქტის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელებს გაუნახევრა მსჯავრი, რამაც მათი გათავისუფლება გამოიწვია. იმ დროს, როდესაც მოკლულის დედა მკვლელობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვდა, საზოგადოებამ მიიღო ოთხი პოლიციელის გასამართლების საჩვენებელი პროცესი და ეს ფორმალური მსჯავრიც კი არ აღსრულდა ბოლომდე. მოგვიანებით სააკაშვილმა შეკითხვაზე - რატომ შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, ასე უპასუხა: „იმიტომ რომ მე ვფიქრობდი, რაღაც ეტაპზე ეს თემა გახდა პოლიტიზებული“. სანდრო გირგვლიანი იქცა უსამართლობის მთავარ სიმბოლოდ. არჩევნებმოგებულმა, ომში დამარცხებულმა, მაგრამ ოპოზიციის გარეშე დარჩენილმა სააკაშვილმა, ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოების ისეთი გულისწყრომა მიიღო, რომ 2012 წელს ის ჯერ არჩევნებში დამარცხდა, მოგვიანებით კი მას პატიმრობაც მიესაჯა“, - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.


გადაცემის ავტორი პრეზიდენტ მარგველაშვილის სკანდალურ შეწყალებებსაც იხსენებს.


„არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების აქტებიც. პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაცია სერიოზულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირთა შეწყალების შესახებ. განსაკუთრებით სკანდალური კი აღმოჩდა საქმე, როდესაც მარგველაშვილმა ყოველგვარი კრიტერიუმების დარღვევით ჯერ საკუთარი ცოლისძმა, შემდეგ კი სიძე შეიწყალა. ამ თემას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სათანადო პასუხი ვერ გასცა. „მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მე ისევე გამოვიჩინე ლმობიერება, როგორც სხვა შემთხვევებში“, - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა. საბოლოო ჯამში, გიორგი მარგველაშვილმა სულ ოთხი ათასამდე პატიმარი, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა კი ოცდათხუთმეტი ათასი მსჯავრდებული შეიწყალა“, - აღნიშნავს „დღის ქრონიკის“ ავტორი და დასძენს, რომ არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტიც.


„საზოგადოებისთვის დღემდე გაუგებარია მექანიზმი, როგორ შეირჩა შესაწყალებელ პირთა სია, ვინ შეადგინა სია, ვინ გასწია რეკომენდაცია და ა.შ. პრეზიდენტს შეწყალების კომისია აღარ აქვს. პროტესტს დაემატა ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებები კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამი პირის შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. აგორებული სკანდალის შედეგად ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგი, საიდანაც ვერ გავიგეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, როგორ მოხდა ეს შეწყალება და მოვისმინეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, დააწესოს მორატორიუმი ამ თემაზე. ძალიან უცნაურია, პრეზიდენტი მორატორიუმს საკუთარ თავს უწესებს.


„შეწყალება - ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, რაც არ გამორიცხავს შეცდომას. მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


საბოლოო ჯამში, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის შეწყალება იყოს ლმობიერების მართლაც უზენაესი აქტი, ეს ხდება სერიოზული სკანდალის თემა და საზოგადოებაში რეალურად აჩენს უსამართლობის განცდას. ჰუმანური აქტის ნაცვლად ვიღებთ მანკიერ პრაქტიკას. ამ ყველაფრის ფონზე გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტებისთვის შეწყალების უფლების საერთოდ ჩამორთმევის შესახებ“, - აღნიშნავს გადაცემის ავტორი და წამყვანი.