"ბოდიში ამ პოსტისთვის, უბრალოდ ძალიან მინდოდა გამეზიარებინა უსამართლო სამყაროს შესახებ..."

  • 22 სექტემბერი 20:10

ეტლით მოსარგებლე ნინუცა დარბაიძე, რომელიც წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტებითს გამოქვეყნებით გახდა ცნობილი.

ნინუცას დღევანდელი სტატუსი მისი წინამორბედებისგან გამორჩეულია, ის მისი მდგომარეობით გამოწვეულ განცდებზე, კონკრეტულად კი შიშსა და ტკივილზე საუბრობს.


"რაც არ უნდა პოზიტიური ვიყო, არის რაღაცეები რასთანაც სრულიად უძლური ვარ, ვიყინები და ცრემლების გარდა სხვა არაფერი შემიძლია. ამ დროს ფიქრი და აზროვნება მიჭირსხოლმე, თავში სულ რამდენიმე კითხვა მიჩნდება და გამუდმებით ღრიალებს ეს კითხვა სხეულს შიგნით. შემდეგ შიში იწყება და სამყაროზე განაწყენება. ასეთი მტკივნეული, ცხოვრებისეული მოვლენები უფრო და უფრო იმატებს, რაც უფრო ვიზრდები. მაგალითად, მშობლების ან ბებიების ასაკის მატება, რისი შეჩერებაც არ შეგვიძლია. ძალიან ხშირად დედას ვეხუტები ხელებს ძლიერად ვუჭერ და ვიმეორებ "გთხოვ არ დაბერდე დე, გთხოვ არა რა დე, არ დაბერდე არა დე არაა" და ცრემლები მომდის, რა თქმა უნდა დედასაც. მე ჯერ არც კი ვიცი, როგორ უნდა გადავიტანო და როგორ შეიძლება ვიცხოვრო მშობლების და ახლობლების გარეშე...
ან როცა დიდხანს ჯდომისგან წელი მტკივდება და არაფრის შეცვლა არ შემიძლია ისეთ ადგილას ვარ. თვალებს ვხუჭავ, ხელს ძლიერად ვკბენ, რომ ტკივილი აქეთ გადმოვიტანო და გონებაში ვიმეორებ "წელი არ გტკივა, მშვიდად იჯექი, გაუძელი, არ გტკივა". ამას 'ტვინის გასულელებას' ვეძახი, როცა თავს ვაჯერებ იმას რაც მასე არ არის.


ან მეგობრის გარდაცვალება, აი ისეთის, საშინელი ავარიიდან ცოცხალი, რომ გადარჩა, მართალია დროებით ეტლის მგზავრი გახდა, მაგრამ ზაფხულში შენთან ერთად იმედს რომ არ კარგავდა და იბრძოდა, რომ მალე ესწავლა სიარული. შენც გამოცდილი გოგოსავით რჩევებს აძლევდი როგორ უნდა ივარჯიშოს და აიმედებდი, რომ იმდენად პოზიტიური და კეთილი ადამიანია, რომ ყველაფერი კარგად ექნება. ავარიიდან ერთი წელიც არ გასულა, ოჯახს ჯერ ის ტკივილი არ მოშუშებია და უცებ ეს მართლაც კეთილი და მხიარული ბიჭი ეცლება ხელიდან. ამ ამბის გაგებისასაც მხოლოდ ძლიერი ტკივილი მახსოვს მთელ სხეულში. ვერ დავიძინე იმ ღამეს, ბალიშს სახეზე ვიფარებდი და ვყვიროდი ცრემლებთან ერთად. მეორე დღეს მათთან, რომ მივედი.. ვერ აღვწერ იქ რა ხდებოდა... მამამისს ვეხუტებოდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ტვინი ნახევრად გათიშული მქონდა. მხოლოდ ერთი კითხვა იყო გადაჭიმული "რატომ?!". მე ვიცნობდი ამ ოჯახს და ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი ამას არ იმსახურებდნენ.


და საერთოდ არავინ იმსახურებს ამხელა ტკივილს, რაც არ უნდა ცუდი გვქონდეს წარსულში ჩადენილი. არცერთი დედა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ შვილის გაყინულ სხეულს უყუროს და ემუდაროს, რომ ისევ ამოისუნთქოს..


მოკლედ, ცხოვრება იმდენჯერ და ისე ძლიერად გვტკენს, რომ ჩვენი წვრილმანების დამატება არ არის საჭირო. როცა ფიქრობთ, რომ არაფერზე ვნერვიულობ და მარად პოზიტიური ვარ, არა მეგობრებო. ვნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ ისეთ წვრილმანებზე არ ვინერვიულო, როგორიცაა მაგ. სადმე ვერ წასვლა, რაიმეს ვერ ყიდვა, დაბალი ქულა, უხასიათობა, უმოძრაო თითები და ა.შ.


P.s ბოდიში ამ პოსტისთვის, უბრალოდ ძალიან მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა უსამართლო სამყაროს შესახებ, რომელიც გამუდმებით გვტკენს".