"სულ არაფერს მაინც სჯობს" - სარიშვილი 20 სექტემბერს გამართულ აქციაზე

  • 21 სექტემბერი 12:15

20 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზებით გამართულ აქცია "სირცხვილიას" შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

"გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს და კომენტარებს ცალ–ცალკე რომ არ ვუპასუხო, ამ სტატუსში დავწერ.


მესმის რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია, მისი ორგანიზატორები და ტრიბუნასთან ორგანიზატორების მიერ შერჩეული გამომსვლელები ბევრს არ მოსწონს. არც მე ვარ აღფრთოვანებული ყველაფრით რაც იქ ხდება და ასევევ არც ჩემს მიმართაა ერთგვაროვანი დამოკიდებულება, მაგრამ!


1. ეს არის ერთადერთი რაც დღეს საქართველოში ხდება და სხვა მიზიდულობის ცენტრი არ ჩანს. ვისი და რისი ბრალია ეს სხვა თემაა და სხვა დროს ვისაუბროთ;


2. პერმანენტული აქციის დაწყების რესურსი როგორც ჩანს არ არის და აქ კაკუნით და პრეტენზიებით ეს რესურსი არ გაიზრდება, ამიტომ თუნდაც ის რომ პერიოდულად ხერხდება ხალხმრავალი აქციების მოწყობა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ რუსთაველზე ყოველდღიურად მიმდინარე არახალხმრავალი აქციის ფონზე, სულ არაფერს მაინც სჯობს;


და ბოლოს, რაც ყველაზე უფრო მთავარია:


თუ თვლით რომ ეს აქცია ვინმეს მიერ იმართება, თუ არ მოგვწონს იქ მიწვეული ზოგიერთი გამომსვლელი, მაშინ მით უმეტეს უნდა უნდა იაროთ ამ აქციებზე, რომელთა საბოლოო წარმარებას და შედეგს ხალხის – ჩვენი რაოდენობა გადაწყვეტს და არა იქ მიწვეული რომელიმე სტუმარი ან თუნდაც აქციის რომელიმე ორგანიზატორი – დავიჯერო ასე ძნელია ამის გაგება?! რა კეთდება უკმაყოფილოთა აქციაზე არმისვლით და ლანძღვით?! მაშინ ვიჯდეთ სახლში სანამ ჩვენი მოსაწონი აქცია არ ჩატარდება, დაველოდოთ ჩვენ მოსაწონ წამყვანებს და ვაკაკუნოთ აქ პრეტენზიები!


ხალხი ჩვენ ვართ და ჩვენი სიმრავლით ჩვენ თავად უნდა მივცეთ ამ აქციას ქვეყნისთვის საჭირო მიმართულება და ამას მხოლოდ იქ მისვლით გავაკეთებთ და არა სახლში დარჩენით.


ეს არის სულ რისი თქმაც მინდოდა იმ რეალობის გათვალისწინებით რაც დღეს გვაქვს და დავფიქრდეთ აბა!"



20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ გაიმართა.


აქციაზე სამოქალაქო პირებთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


20 სექტემბერს 3 თვე გავიდა აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლიდან. მოქალაქეები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რომელსაც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.