დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

  • 21 სექტემბერი 11:03

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.


ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.


მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.


ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა "ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად", ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა".


ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.


საქართველოს პარლამენტმა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა.