პროკურატურა: სახალხო დამცველის განცხადება კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა

  • 19 სექტემბერი 20:31

საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ომბუდსმენის განცხადება, რომ  გენერალურმა პროკურორმა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარადგინოს ანგარიში, ხელყოფს  გენპროკურატურის მიუკერძოებლობას და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას.


"პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა.


სახალხო დამცველს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, პროკურატურაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს.


ასევე, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი პროკურატურაში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად.


სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ ხშირად გამოირჩევა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული მოწოდებებით, რაც კანონით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას სცილდება.


რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან სახალხო დამცველის მხრიდან გენერალური პროკურორის ვალდებულებათა განსაზღვრას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარადგინოს ანგარიში, ხელყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიუკერძოებლობას და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას, რადგან საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის წესი და ანგარიშის შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.


სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა, რაც მნიშვნელოვნად ცდება მის უფლებამოსილებას",-ნათქვამია განცხადებაში.