რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტელეპათიური კავშირის დამყარება შეძლოთ ?

  • თბილისელები
  • 19 სექტემბერი 14:45

ტელეპათია – აზრისა და გრძნობების მიღება-გადაცემის პარაფსიქოლოგიური ფენომენი, რომლის არსი აზრის ვიბრაციისა და გადაადგილების უნარს ეფუძნება.

სწორედ ამ თვისებათა წყალობით მყარდება ორ ადამიანს შორის ექსტრასენსორული ურთიერთობა. თემა ძალიან ფართოა, ამიტომ დღეს მხოლოდ ძირითად საბაზისო შეხედულებებს შევეხებით, რაც ტელეპათიური პრაქტიკისთვის გამოგადებათ. თუმცა ეს უნარი ზოგს დაბადებიდანვე დაჰყვა და მათ შორის ყველაზე გავრცელებული დედა-შვილს შორის არსებული სენსორული კავშირია. ინტერვიუში ექსტრასენს ნუგზარ ნ-სთან იმ მარტივ ხერხებს გაეცნობით, რომლის დაუფლებაც საშუალებას მოგცემთ, შორ მანძილზე აგრძნობინოთ თქვენი სურვილი სამიზნე ობიექტს და მისი „აზრის წაკითხვაც“ შეძლოთ.
– ტელეპათია ორ სუბიექტს შორის კავშირია აზრისა და გრძნობების საშუალებით. დაიბადა აზრი ადამიანის ტვინში, ამან გამოიწვია ვიბრაცია, რასაც მისი გადაადგილება მოჰყვა და შედეგად, აზრმა ადრესატამდე მიაღწია. ტელეპათია ორი დონით განისაზღვრება. პირველი – დაბალი საფეხურია: სენსორული ანუ მგრძნობელობითი, როცა ერთი ადამიანი მეორის გრძნობებსა და შეგრძნებებს აღიქვამს, რის ყველაზე მკაფიო მაგალითია კავშირი დედა-შვილს შორის. დედა ნებისმიერ მანძილზე წამიერად გრძნობს შვილის უარყოფით განწყობას. მეორეა – აზრობრივი ტელეპათია, როცა ერთი სუბიექტი მეორის გრძნობებსა და აზრებს უკვე ხმით, გამოსახულებით, ბგერით აღიქვამს. ეს „აზრის წაკითხვის“ უნარია, ანუ ტელეპათიის მაღალი დონე. მიიჩნევენ, რომ ტელეპათი შეიძლება, გახდეს ნებისმიერი, ვინც კი შეძლებს გონების სურვილისამებრ გაკონტროლებას. ადამიანი საფრთხის, შიშის, უბედურების დროს ავტომატურად აგზავნის ტელეპათიურ შეტყობინებას, რომელსაც მისი ყველაზე ახლობლები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ.
– რა არის საჭირო, რომ ტელეპათიური კავშირის დამყარება შევძლოთ?
– ტელეპათიაში არის 4 ძირითადი ეტაპი, რომლებიც შემდეგი ტერმინებით აღინიშნება: სიგნატურა, პინგირება, სკანირება და შეერთება. დავიწყოთ სიგნატურით – ეს არის მიზნის განსაზღვრა ანუ ორიენტირება ადამიანზე, ვისზეც უნდა მოხდეს კონცენტრირება. ამ დროს ყველა შეგრძნებას ერთად უყრით თავს და მიმართავთ სამიზნე ობიექტისკენ: წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება და საერთოდ, ყველა მონაცემი ისე, თითქოს ყოველივე იმის სიას ადგენდეთ, რაც კი კონკრეტულ პირზე მიუთითებს. გარეგნული მონაცემების გახსენებაში ჩართულია ემოციები, შემდეგ გამოსახულება და ემოციებიც ერთდება გონებაში და ეს არის სიგნატურა ანუ პირველი ეტაპი.
– პინგირება რაღაა?
– პინგირება სიტყვა „პინგიდან“ მოდის, რომელიც სპეციალური ქსელური პროგრამაა ერთი კომპიუტერის მეორესთან დასაკავშირებლად. ამ შემთხვევაში კი ის ყველაზე მოკლე გადაცემაა, რომელიც ტელეპათიის ობიექტის ყურადღების მისაპყრობად გამოიყენება. ეს იგივეა, რომ ადამიანს მხარზე ხელი შეახო ან დაუძახო „ეი!“ პინგირებისთვის აუცილებელია, მიიღო სამიზნე ობიექტის სიგნატურა: გრძნობები, ემოციები, გამოსახულება, რის საშუალებითაც, სპეციალური დაპროგრამების გარეშე, უნდა გაგზავნოთ უბრალო შეტყობინება, როგორიცაა: „ეი!“ ან მსუბუქი ბიძგი მხარზე. „პინგი“ შეიძლება, გამოიყენოთ მეგობრის ყურადღების მისაქცევად.
– როგორ ხდება ეს?
– მაგალითად, როცა გსურთ, მეგობარმა დაგირეკოთ ან იმ დროს ქსელში შემოვიდეს. სულ ახლახან მომწერა ჩემმა ნაცნობმა, შოკში ვარ, არ მეგონა, ასეთ შედეგს თუ მივიღებდიო: ის რამდენიმე თვის წინ დაშორდა შეყვარებულს და ძალიან განიცდიდა. სცადა, ტელეპათიის გამოყენებით შორ მანძილზე მიეწვდინა მისთვის ხმა, რათა მისგან სასიყვარულო შეტყობინება მიეღო. 10-15 წუთში მოდის გზავნილი: „ძალიან მენატრები“. ტექნიკა მართლა მუშაობს, თუ სწორად მოახდენთ იმ ადამიანის ვიზუალიზაციას – მარტო გამოსახულება არ კმარა, მისი სურნელიც უნდა იგრძნო, ხმაც გაიგონო და შეეხო კიდეც. მოკლედ, მთელი გული და სული უნდა ჩადო ამ პროცესში.

წყარო: თბილისელები