... და გადმოუხვიეთ მარცხნივ!

  • 18 სექტემბერი 16:09

დიახ, დაუფიქრებლად, სვანეთში მიმავალი, ზუგდიდიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, როგორც კი დაინახავთ, რომ არჩევანი უნდა გააკეთოთ მესტიასა და ნაკრას შორის, ჯერ მარცხნივ გადმოუხვიეთ და წამომყევით დაუვიწყარ მოგზაურობაში.

სანამ სოფლამდე მივალთ, გზად აუცილებლად შეგვხვდება თითქოს განცალკევებით მდგარი მთა. როგორც შემდეგ ადგილობრივებმა გვითხრეს, ამ მთაზე თოვლი არ ჩერდება, რადგან ის სითბოს გამოყოფს და ჯერ კიდევ გეოლოგების დაკვირვების ქვეშაა. ისე კი ერთი შეხედვითაც ეტყობა გამორჩეულობა.


უშგულის, ჰაწვალისა და მესტიის ფონზე სახელი ნაკრა არც გახსენდებათ, ხომ?  სიმართლე გითხრათ, არც მე გამახსენდებოდა, რომ არა ცოტა ხნის წინ წაკითხული ნიუსი. ამბავი იყო იმაზე, რომ ტურისტებისთვის ცნობილ სვანეთში თურმე არსებობს ხეობა, რომელიც თითქოს ყველამ მიივიწყა და ახლა „ნენსკრა ჰიდრო“ მისი პოპულარიზაციის კამპანიას იწყებსო. ორმა რამემ გამაოცა: კომპანიის ასეთმა ზრუნვამ ხეობაზე (ქართული ბაზრისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი) და ფაქტმა, რომ სვანეთში პოპულარიზაცია კიდევ სჭირდება სოფლებს.  მოკლედ მოგიყვებით - საუბარია ჩუბეხევის, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთის სოფელ ნაკრაზე. რადგანაც თქვენ უკვე გადმოუხვიეთ მარცხნივ და მომყვებით, გზადაგზა გიამბობთ: „ნაკ“ სვანურად ვაკე ადგილს ნიშნავს, ამიტომ ამ სოფელში მოსვლით სვანეთის ვაკე-საბურთალოზე ხვდებით. თუმცა ეს მხოლოდ სახელია - რეალურად სამი მთის გარემოცვაში ხართ და სულაც არ გგონიათ თავი თბილისში. თავს ვერ დავდებ, ამ მთებში რამდენადაა თავისუფლება (რადგან ეს უკანასკნელი ყველასთვის სხვადასხვანაირად განიმარტება), მაგრამ უამრავი თავგადასავალი, ჰაერი და მოსანახულებელი ადგილი ნამდვილად შეგხვდებათ.


რადგანაც თბილისიდან ნაკრაში ჩამოსვლას დიდი დრო სჭირდება და უკვე ბნელდება, სჯობს გავიკითხოთ გესტჰაუსების შესახებ და დასარჩენ ადგილზე ვიზრუნოთ. არც ისე დიდხნიანი ძებნის შემდეგ აუცილებლად მიგვასწავლიან გესტჰაუს „ნაკრას“, რომელიც ოდნავ შემაღლებულზე დგას და სოფელს გადმოჰყურებს. „ნაკრაში“ მასპინძლობას ნინო ცინდელიანი გაგიწევთ. ჩემი რჩევა იქნება, სუფრაზე აუცილებლად გასინჯოთ ყველაფერი. როგორც ნინო ამბობს, მისთვის ტურიზმი მხოლოდ ბიზნესი არაა. „ესაა საშუალება, სტუმრებს გავაცნო ჩვენი კუთხის ტრადიციები, ადათი, ყველაზე პატარა და შეუმჩნეველი დეტალები - ის, რაც სვანეთს განუმეორებელს ხდის. თუკი ჩემი სტუმარი კმაყოფილია, მეც ბედნიერი ვარ და მგონია, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანე კუთხისა და, განსაკუთრებით, ჩუბეხევის პოპულარიზაციაში“. მას შემდეგ, რაც ჩემი რჩევით ყველა კერძს დააგემოვნებთ და საძინებლებს მიაშურებთ, აუცილებლად მოგხიბლავთ ხედები ოთახებიდან და ტკბილად დაიძინებთ.



ჩვენი მთავარი თავგადასავალი კი სწორედ მეორე დილას იწყება. სოფელში მცხოვრები სამი სერტიფიცირებული გიდიდან ერთ-ერთი აუცილებლად წამოგყვებათ ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე (მოდით, ჩვენი ნაცნობი გიდი, ზურა დადეშქელიანი წავიყოლოთ). სოფლიდან დანიშნულების ადგილამდე 6 კილომეტრამდე გზაა, თუმცა გზად იმდენ საინტერესო ამბავს მოისმენთ, ვერც შეამჩნევთ, ისე აღმოჩნდებით ლაკითანალზე - თითქმის მთის წვერზე. ამ ადგილიდან უამრავი მწვერვალი მოჩანს, თუმცა შეუძლებელია ყურადღება არ მიიქციოს იალბუზმა, კავკასიონის უმაღლესმა მწვერვალმა. თუ გაგვიმართლებს, ღრუბლის საფარველს მიღმა თოვლით დაფარულ იალბუზს დავინახავთ და როგორც ყველა მოგზაურს შეეფერება, უამრავ ფოტოსაც გადავიღებთ. 


ლაკითანალზე ერთი უცნაური ყვავილი ხარობს - რატომღაც სახელი არავინ იცოდა, თუმცა დანამდვილებით გვითხრეს - ამ ყვავილის ამოსვლა ზამთრის მოახლოებას ნიშნავსო. ერთი შეხედვით გაზაფხულის მახარობელს ჰგავს, არადა, თურმე სითეთრე მოჰყვება. თუმცა, გააჩნია როდის ეწვევით ლაკინათალს - ხომ ყველას გინახავთ სოციალურ ქსელებში მრავალფერი ყვავილების ფოტოები მთების ფონზე - ზუსტად ისეთი თაიგულის შეკვრა შეგეძლებათ, თანაც ფოტოს იალბუზის ფონზე გადაუღებთ (ეს რჩევა სოციალური ქსელების მოყვარულთათვის უფროა, ვინც კარგ საინსტაგრამე ადგილებს ეძებს ხოლმე).


არ ვიცი, რა ხანი დაგვჭირდება ფოტოების გადასაღებად, მაგრამ თუკი წვიმა არ მოგვისწრებს, კარგა ხანს შეგვეძლება კავკასიონისა და სვანეთის ქედების მწვერვალების ყურებით ტკბობა. თუმცა მაინც მოვა დრო, როცა ლაკითანალს დავემშვიდობებით (რა თქმა უნდა, დროებით, რადგან დაბრუნება უცილობლად მოგვინდება) და სოფლისაკენ მომავალ გზაზე კიდევ ერთხელ გადავუხვევთ მარცხნივ - ამჯერად ხეობის ერთადერთი შემორჩენილი კოშკი უნდა ვინახულოთ.


სვანეთისთვის დამახასიათებელი გზის გავლის შემდეგ, გადახვევიდან 20 წუთში მივუახლოვდებით ჯუხლანს - ადგილს, სადაც კოშკი დგას. როგორც ზურამ გვიამბო, ეს კოშკი რეჩგვიანების საგვარეულო საკუთრება ყოფილა. დადეშქელიანებთან დაპირისპირებას მთელი გვარი გაუწყვეტია. კოშკი ქალდანებს აჩუქეს დადეშქელიანებმა და მას შემდეგ ქალდანებისაა. თუმცა, ნაგებობის შესახებ არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ კოშკი ქალებს გაულესავთ. მაგრამ ყველაფერს ვირტუალურად ხო არ გიამბობთ - იქ ჩასულებს ბევრად უფრო საინტერესოდ მოგიყვებიან კოშკის შესახებ მითებსა და რეალობას. ამიტომაც, ჯუხლანიც დავტოვოთ და, რადგანაც მოსაღამოვდა, სოფლისაკენ გავეშუროთ.


სანამ სასტუმრომდე მივალთ, გზად კიდევ ერთ საინტერესო შენობაზე გვიამბობენ - ქამმერდეს ქოხი ტყეში. ჩუბეხევის მოსახლეობაში გავრცელებულია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი ქამმერდეს, ტყის სულს ეკუთვნის და იქ დარჩენა მაშინაც არ უნდა გაბედო, თუკი წვიმამ და ქარბუქმა მოგისწრო მთაში.


ქამმერდეს შესახებ ლეგენდების მოსმენაში დრო სწრაფად გადის და, აი, ჩვენც დავბრუნდით სასტუმროში. სვანური სამზარეულო და სტუმარ-მასპინძლობა უკვე გავიცანით და აღვწერეთ. ამიტომ შემდეგ დღეზე გადავერთოთ.


აი, შემდეგ დღის დაგეგმვას კი უკვე თქვენ მოგანდობთ - წინასწარ სხვის მიერ გაწერილი მოგზაურობა ისეთ ადგილას, როგორიც ნაკრაა, მოსაბეზრებელი შეიძლება გახდეს - ამიტომ ექსპრომტად მოქმედებას გირჩევთ.


 


 


ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი, ჟურნალისტი.


ფოტოგრაფი: ლაშა კუპრაშვილი.