როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი პლეხანოველი "პლანაქეში"

  • თბილისელები
  • 16 სექტემბერი 22:58

გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

"1990-1992 წლებში თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ კორუფცია თანამშრომლებში ასი პროცენტით მოვსპე, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა.


მექრთამეებს უმკაცრესად ვსჯიდით და ყველამ იცოდა, რომ არავის დავინდობდი... ერთი ოპერი გვყავდა, მოდი, მას პირობითად შალვას ვუწოდებ, რადგან მისი ვინაობის დასახელება არ მინდა. მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. ნარკომანიის მიმართულებით მუშაობდა და ამ კუთხით, რაც ქალაქში ხდებოდა, არაფერი გამოეპარებოდა. შავი ჭირივით უფრთხოდნენ როგორც ნარკომანები, ასევე ნარკორეალიზატორები. პროფესიონალიზმთან ერთად შალვას ფულიც უყვარდა და პატარ-პატარა "მაყუთსაც ღუნავდა"... ერთხელ ამ შალვამ ერთი პლეხანოველი "პლანაქეში" (მარიხუანის მწეველი) "ჩხირო ოთარა" (სახელი შეცვლილია) დაიჭირა და მას "20 პაპიროსი" პლასტელინი (ბურთულასავით დამრგვალებული) "პლანი" ამოუღო. კაბინეტში რომ მიიყვანა, მარიხუანა წინ დაუდო და უთხრა:


– ოთარ-ჯან ან ათას მანეთს მოიტან, რომ გაგიშვა ან, პირდაპირ, "სროკზე" გაგიშვებ "20 პაპიროსი პლასტელინისთვისო"...


ოთარმა არც აცია, არც აცხელა და "ფაქტი" მოულოდნელად გადაყლაპა, თან შალვას უთხრა:


– ვეღარ გამიშვებ, უფროსო, ფაქტი არ გაქვს, "პლანს" კი ვერც კუჭიდან ამომიღებ და ვერც უკანალიდანო.
შალვას გაეცინა, უჯრიდან სხვა "შმატოკი" (დამრგვალებული მარიხუანა) ამოიღო, ოთარს დაანახვა და უთხრა:


– ამის მეტი რა მაქვს, ახლა 2 ათასი უნდა მოიტანო ან დიდი "სროკი" არ აგცდებაო.


ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოთარის კუჭში ჩასულმა მარიხუანამ მოქმედება დაიწყო. დაკავებული ცუდად გახდა, სასწრაფოთი წაიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს.


შალვას კი უმკაცრესი საყვედური მივაკერე, ერთი წლის ვადით დავაქვეითე და გავაფრთხილე, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორებისას ციხეში ჩავსვამდი."

წყარო: თბილისელები