რატომ აღარ სურთ თანამედროვე ბავშვებს ასტრონავტობა? - ისინი "იუთუბის" ბლოგერობას ირჩევენ

  • 16 სექტემბერი 20:38

სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლეგომ“ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 8-12 წლის ასაკის 3000 ბავშვი გამოიკითხა.

ბავშვების მესამედმა განაცხადა, რომ სურთ, მომავალში ბლოგერები იყვნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ 11%-ს სურს ასტრონავტი გახდეს.


აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები სამივე ქვეყანაში განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.


ჩინელი ბავშვების ნახევარზე მეტს სურს ასტრონავტი გახდეს. აშშ-სა და ბრიტანეთში კი მსგავსი სურვილი გამოკითხულთა მხოლოდ 10 %-ს აქვს. ამერიკელი და ბრიტანელი ბავშვების უმეტესობას მომავალში ბლოგერობა სურს.


გარდა ამ ორი პროფესიისა, სასურველი პროფესიების ტოპ 5-ში მოხვდა მასწავლებლის,პროფესიონალი ათლეტის და მუსიკოსის პროფესიებიც.


კითხვაზე, სურთ თუ არა კოსმოსში მოგზაურობა, დადებითად ჩინელი ბავშვების 95 %-მა , ამერიკელების 70%-მა  და ბრიტანელების 63 %-მა  უპასუხა.


საინტერესოა, რომ აშშ-ში 2017 წელს ჩატარებულ კვლევაში,რომლის ფარგლებშიც 12 წელზე უმცროსი ათასამდე ბავშვი გამოიკითხა, სასურველ პროფესიებში პირველი ადგილი დაიკავა ექიმის პროფესიამ, რომელსაც ვეტერინარის, პოლიციელის და მასწავლებლის პროფესიები მოჰყვებოდა .