პირველი სიყვარულის გამო, ოჯახი დავანგრიე - ჩემი ყოფილი ქმრისგან განსხვავებით, საოცრად მამაკაცური, ტემპერამენტიანი და თბილია

  • თბილისელები
  • 16 სექტემბერი 14:03

ჟურნალი "თბილისელები" რუბრიკაში "მოდი ვილაპარაკოთ" 32 წლის დიკოს ისტორიას ავრცელებს:

მერვე კლასში ვიყავი, როცა კლასში უსიმპათიურესი ბიჭი შემოვიდა და მასწავლებელმა გაგვაცნო: ეს თქვენი ახალი კლასელია, დავითი, გაიცანით და მიიღეთო. პირველივე დანახვისას მოვიხიბლე. მაღალი იყო, დახვეწილი გარეგნობა და მანერები ჰქონდა. საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილი იყო, თუმცა, ცოტა თამამი და ამპარტავანიც. გოგონებს გვამწარებდა, ბიჭებს კი ზემოდან დაუწყო ყურება და ამის გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები. მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარდა და სკოლას რომ ვამთავრებდით, თავადაც გამომიტყდა სიყვარულში. მოკლედ, სკოლის დამთავრების შემდეგ, მთელი სამი წელი ერთმანეთს ვხვდებოდით და მომავალიც დაგეგმილი გვქონდა – უცხოეთში გვინდოდა სწავლის გაგრძელება, ოჯახის შექმნა და შვილების იქ გაჩენა. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ და ჩვენი ცხოვრებაც უკუღმა შეტრიალდა. მამა გარდაეცვალა და დედამ უცხოეთში წაიყვანა საცხოვრებლად. იმ პერიოდში საკმაოდ დეპრესიული გახდა, აღარ მირეკავდა და ყველნაირი კონტაქტი შეწყვიტა. მეც არ ვიცოდი, უცხო მხარეში სად უნდა მეძებნა, მაგრამ იმედი მქონდა, ეს რთული პერიოდი გაივლიდა, აუცილებლად დამიბრუნდებოდა და ისევ ერთად ვიქნებოდით. ერთი წლის მერე დამირეკა, მომიკითხა და შემომაპარა, ცოლი მოვიყვანეო. ისე გავუთიშე ყურმილი, არაფერი მითქვამს. მას შემდეგ წლები გავიდა. მეც გავთხოვდი, შვილები მეყოლა და არც კი გამხსენებია ჩემი პირველი და წარუმატებელი სიყვარული. თუმცა, ის შეურაცხყოფა და მიტოვების ტრავმა მუდამ მახსენებდა თავს. მოკლედ, წლების მერე, ისევ გამოჩნდა, ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში და ისევ ამირია თავგზა. მის გამო ქმართან დამეძაბა სიტუაცია. მეუბნებოდა: შევცდი, მიყვარდი და ისევ ისე მიყვარხარ, გავშორდი ცოლს და მინდა, შენ გვერდით ვიყოო. მართლია, არ უთქვამს გაშორდი ქმარს და ცოლად მოგიყვანო, მაგრამ მისი საუბრიდან ასე ჩავთვალე და მე სულელი, ქმარს უმიზეზოდ ავუშარდი და გავშორდი. ვიფიქრე, ცოტა ხნით შვილებთან ერთად ვიცხოვრებ, ჩემს პირველ შეყვარებულთან ჩუმად ვივლი და მერე გავყვები ცოლად-მეთქი. მინდოდა, ქმართან მართალი ვყოფილიყავი, ეჭვი არ აეღო, რომ ამდენი წლის ოჯახი პირველი სიყვარულის გამო დავანგრიე. ფაქტია, ისევ შევცდი. უკვე, ორი წელი გადის, დათო ჩემთან აგრძელებს შეხვედრებს და ცოლად მოყვანას არც კი ფიქრობს. ვნანობ, ქმარი რომ მივატოვე და მშვიდი ოჯახი დავანგრიე, ის ადამიანიც გავაუბედურე და მეც, ასე მალულად შეხვედრები მიწევს ადამიანთან, რომელიც ალბათ, მოვა დრო და ისევ მიმატოვებს და უკან არ მოიხედავს. ამას წინათ, შევაპარე: აღარ მინდა ვიმალებოდე, დროა, შენ გვერდით გამოვჩნდე-მეთქი და შეკრთა, ფერი ეცვალა, მიპასუხა: იცი, ასეც კომფორტულად ვართ, რატომ იქმნი ზედმეტ პრობლემებსო? ანუ, გამოდის, მისთვის ჩემთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება პრობლემაა, ასე უნდა მთელი ცხოვრება მალულად მესიყვარულოს და მერე, კაცმა არ იცის, ვინ მოაწონებს თავს, დაახვევს თავბრუს და მიმაგდებს. ხანდახან ჩემს თავზე მეშლება ნერვები და ვუბრაზდები: სულელი ხარ, როგორ მოტყუვდი და ისევ გრძნობა როგორ დააყენე შენს ოჯახზე მაღლა-მეთქი. მაგრამ მერე, დათოსთან გატარებული ტკბილი წამები რომ მახსენდება, ვმშვიდდები. ჩემი ყოფილი ქმრისგან განსხვავებით, საოცრად მამაკაცური, ტემპერამენტიანი და თბილია საწოლში. მთავარია, შვილებს მამა ყურადღებას აქცევს და მზრუნველობს, მე ჯერჯერობით დათოს საყვარელი მქვია და თუ ცოლად არ მომიყვანს, რა გაეწყობა? ვიქნები ისეთი ცხოვრების მადლიერი, როგორიც თავად ავირჩიე.

წყარო: თბილისელები