რამდენი ქართველი "კანონიერი ქურდია" მსოფლიოში

  • ვერსია
  • 16 სექტემბერი 11:55

"რამდენი ქართველი "კანონიერი ქურდია" მსოფლიოში და რა დილემის წინაშე დგას კრიმინალური სინდიკატი" - ამ სათაურით გაზეთი ვერსია სტატიას აქვეყნებს, რომელშც ნათქვამია, რომ მსოფლიოში არსებული ქურდების 70% ქართველია.

როგორც გაზეთის მიერ გავრცელებულ მასალაში წერია, "კანონიერი ქურდების" მიმართ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მათთვის ოკუპირებული ტერიტორიები თავშესაფარად იქცევა.


არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში 442 "კანონიერი ქურდია". აქედან, დაახლოებით, 70% ქართველია, დანარჩენები კი პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლები არიან. რეალურად, ცნება "კანონიერი ქურდი" სწორედ საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა და სხვა ქვეყნების კრიმინალურ წრეებში მათ, როგორც მაფიოზებს, ისე მოიხსენიებენ, თუმცა თავად ქურდები ყველგან ადასტურებენ, რომ მაფიოზი სხვა ვინმეა და ქურდი _ სხვა. 442 ქურდიდან 346 ანუ აბსოლუტური უმრავლესობა თავისუფლებაზეა. მათგან 70 ქურდი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, 46 სასჯელს იხდის, 27-ზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.


"კანონიერი ქურდები" საქართველოშიც იხდიან სასჯელს, მაგრამ მათი რიცხვი მალე განულდება, რადგან სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ ქვეყნიდან უშვებენ და, სასჯელის შიშით, საქართველოში "ქურდის" სტატუსის მქონე პირები აღარ ბრუნდებიან. 


ისე, ესეც პარადოქსია _ ადამიანს იჭერენ და ასამართლებენ იმის გამო, რომ "კანონიერი ქურდის" სტატუსი აქვს და ეს ჩვენი კანონმდებლობით ისჯება. სასჯელის მოხდის შემდეგ, ქურდი სტატუსს არ კარგავს, მაგრამ ის ციხიდან გამოჰყავთ და უშვებენ. რა გამოდის? _ უშვებენ ადამიანს, რომელსაც იგივე სტატუსი აქვს, რის გამოც გაასამართლეს. იმას ნამდვილად არ ვამბობთ, ამ სტატუსის გამო ადამიანებს სამუდამო უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ამ მიმართულებით კანონმდებლობა რომ დასახვეწია, ფაქტია. 


* * * 


გასულ კვირას, ბულგარელმა სამართალდამცავებმა, უკრაინელი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე, ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერი ქურდის", გიორგი კილაძის (იგივე გეგა ოზურგეთსკი) ექსტრადაცია მოახდინეს. ბორისპოლის აეროპორტში კილაძეს ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 


"გიორგი კილაძე პირველი "კანონიერი ქურდია", რომელიც უკრაინის ციხეში ზის. შეიძლება ითქვას, ლენტი გაჭრილია და კიდევ არაერთ "კანონიერ ქურდს" დავიჭერთ", _ ეს განცხადება უკრაინის ნაციონალური პოლიციის შეფმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა გააკეთა ანუ მან დაადასტურა ის, რაზეც არაერთხელ დაგვიწერია _ საქართველოსა და რუსეთის შემდეგ, "კანონიერი ქურდების" დევნას, მხოლოდ სტატუსის გამო, უკვე უკრაინაც იწყებს. 


იგივე მიმართულებით მუშაობს ბელორუსიც და ძალიან დიდი ალბათობით, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა მალე ჩაწერს კანონმდებლობაში მუხლს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს მხოლოდ ქურდული სტატუსის გამო დაიჭერენ. 


სხვათა შორის, რუსი სამართალდამცავები ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდნენ და მხოლოდ "კანონიერ ქურდებს"აღარ იჭერენ. ასევე, გასულ კვირას, დაღესტანში შამილ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსის ქონა წაუყენეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. 


რა მოხდება მას შემდეგ, როცა ქურდებს დევნას, პრაქტიკულად, ის 15 სახელმწიფო დაუწყებს, სადაც აღნიშნული სტატუსის მატარებელ პირებს ცნობენ? _ რა თქმა უნდა, საშველი, ამ შემთხვევაში, ევროპაა, თუმცა ევროპელი სამართალდამცავებიც ნელ-ნელა შეეგუვნენ რეალობას და ცდილობენ, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები ქვეყანაში არ გააჩერონ. 


* * * 


"მიმდინარე პროცესები ქურდული სამყაროსთვის ძალიან მძიმეა. ყველამ იცის, რომ ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გვავიწროვებენ და ქურდები გამოსავალს ეძებენ. ამ ეტაპზე, გამოსავალი, უბრალოდ, არ ჩანს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში რომ დაიწყო იმის მტკიცება, ქურდი ვარო და "რამკები ამტვრიო", ჯერ უნდა აუხსნა მთელი პროცესი, სტრუქტურა, რასაც უბრალოდ, ვერ გაიგებენ. 


პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ იცის ყველამ, რეალურად რას წარმოადგენს ქურდი, მაგრამ ქვეცნობიერში მუდამ იყო ამ ადამიანების მიმართ შიში თუ პატივისცემა და ამას ვერ წაშლიან. ამიტომ, სამიზნე ისევ ყოფილი საბჭოთა კავშირია და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა. 


არის ასევე, აზიის ქვეყნებიც, სადაც მარტივად შეიძლება თავის გატანა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს, მაგრამ მერე და მერე, თუ აზიაში ძალიან ბევრი ქურდი ჩავა, იქაც პრობლემები იქნება", _ გვეუბნება პირი, რომელიც დღეს თურქეთში ცხოვრობს და დღე-დღეზე ელოდება, რომ "ქურდული ოჯახის" წევრი გახდება. 


სხვათა შორის, თურქეთში, დუბაიში, ყაზახეთსა და უზბეკეთში არაერთი ქურდი დამკვიდრდა და ისინი თავს ცუდად არ გრძნობენ. ეს განსაკუთრებით თურქეთზე ითქმის, სადაც ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად იცის, ვის უშვებს ქვეყანაში, მაგრამ ქურდებს ადგილობრივ ეკონომიკაში ფულის ჩადებას სთხოვს. საქმე მილიონებს ეხება და ქურდებიც, ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ, ფულს თურქულ ბიზნესში აბანდებენ. 


ერთი შეხედვით, ეს გამოსავალია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ასე იყო თავის დროზე რუსეთშიც, როცა იქაური ეკონომიკის წამოწევა სწორედ "ქურდული ობშჩიაკით" გადაწყდა, მაგრამ როგორც კი ბაზარზე კონკურენცია დაინახეს, ქურდებმა კონკურენტები გზიდან ან დაშინებით ჩამოიშორეს, ან უბრალოდ, დახოცეს. შესაბამისად, არც თურქეთი უნდა იყოს შორს ამ მოცემულობისგან და როცა კრიმინალური სამყარო იგრძნობს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას საფრთხეს რომელიმე ბიზნესმენი უქმნის, ამ ბიზნესმენზე ნადირობის სეზონი აუცილებლად გამოცხადდება და რა მოხდება შემდეგ, უკვე თურქეთის ხელისუფლების გადასაწყვეტია. 


* * * 


ჯერჯერობით მშვიდი ვითარებაა დუბაიში, სადაც ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" დამკვიდრდა. თავად სალიფოვი ცდილობს, რომ ზედმეტად თვალში არავის გაეჩხიროს და დუბაიში რაც შეიძლება, ნაკლები კოლეგა ჩავიდეს. მას სურს, რომ დუბაიში სიმშვიდე იყოს და იქიდან მართოს ის უზარმაზარი კრიმინალური სინდიკატი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა. 


ისიც სათქმელია, რომ დღეს საქართველოში მყოფ "კაი ბიჭების" კასტაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სალიფოვს აქვს და ეს განსაკუთრებით ქვემო ქართლში იგრძნობა. უფრო მეტიც, ქვემო ქართლში სამართალდამცავებმა უკვე არაერთი პირი დააკავეს, რომელიც ცდილობდა მცირე თუ საშუალო ბიზნესისგან ხარკი სწორედ "გულის" სახელით აეკრიფა. 


მართალია, თითქმის ყველა შემთხვევაში თავად სალიფოვმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მის სახელს, უბრალოდ, იყენებდნენ, მაგრამ არიან ადამიანები (მაგალითად, რუსთავში), რომლებსაც მისი სახელის გამოყენების ოფიციალური უფლება აქვთ და ამას არცთუ იშვიათად აკეთებენ. 


იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა "გულის" დახმარება კონკრეტული კონფლიქტის მოგვარებისთვის სთხოვეს და ის „სკაიპით“ რამდენჯერმე ჩაერთო და თავისი "ოქრო სიტყვაც" თქვა, რომელიც ყოველგვარი გაპროტესტების გარეშე შესრულდა. 


* * * 


არცთუ მარტივი ვითარებაა აჭარის რეგიონში. იმის გამო, რომ თურქეთი ორ ნაბიჯშია, ძალიან ხშირია საზღვარზე გადასვლის, ქურდებთან შეხვედრის, მათგან მითითებების მიღებისა და, ზოგადად, „საქმის გარჩევის“ შემთხვევები. მას შემდეგ, რაც აჭარაში ქურდებთან სატელეფონო საუბრების გამო არაერთი პირი დააკავეს, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა. სამართალდამცავები ამის კონტროლს ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ, რადგან ვერავის ეტყვიან, გინდა თუ არა, ქურდთან შესახვედრად მიდიხარო. 


მეორე მხრივ, შესაძლებელია, ეჭვმიტანილ პირთა თვალთვალი, მაგრამ ეს ფართომასშტაბიან სამუშაოს მოითხოვს, შესათანხმებელია თურქულ მხარესთან პროცედურები, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართულმა მხარემ თვალთვალი ან მიყურადება განახორციელოს, რაც ფინანსურის გადა, პროცედურულადაც სერიოზულ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. 


ქართულ მხარეს კვირაში შესაძლოა, ათი ეჭვმიტანილი ჰყავდეს, ათი კაცის თვალთვალს, მინიმუმ, 20 კაცი სჭირდება, იქ სხვა თანამშრომლები და სამართალდამცავთა ამხელა კონტიგენტს მეზობელი სახელმწიფო აუცილებლად ეჭვის თვალით შეხედავს. 


* * * 


ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ "კანონიერი ქურდების" მიმართ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მათთვის "სამოთხედ" შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიები იქცეს, თუმცა სამაჩაბლოც და აფხაზეთიც არ არის ტერიტორიულად ისეთი მასშტაბების, რომ ასეულობით ქურდი აიტანოს. მით უმეტეს, აფხაზეთში გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებულია და მას უსისხლოდ არავინ დათმობს. 


რაც შეეხება სამაჩაბლოს, მართალია იქ "კანონიერი ქურდების" დიდი რაოდენობა არ შეინიშნება, მაგრამ ცხინვალის გაკონტროლებას ვლადიკავკაზში მყოფი კრიმინალები ცდილობენ და არსებული სიტუაციის ფონზე, ეს არცთუ ცუდად გამოსდით.

წყარო: ვერსია