ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

  • pia.ge
  • 16 სექტემბერი 10:03

ჭავჭავაძის გამზირზე, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, დღეიდან მოძრაობა აღდგება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.


თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პირველ მონაკვეთზე, 16 სექტემბრიდან, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ.


„კომპანია „ჯეო გრუპს“ ვალდებულება აქვს აღებული, რომ 16 სექტემბრისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებმა შეძლონ გადაადგილება. ასევე, ყველა ქუჩაზე, რომელიც ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს, ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მოძრაობის სქემების შესახებ კი ეცნობება მოსახლეობას.


ჩვენ ვაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს. კერძოდ, კომპანია GWP მიწისქვეშა სამუშაოებს უკვე ახორციელებს, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ კი სამუშაოები უკვე დაასრულა. მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. პროექტმა ათეულ წლებს უნდა გაუძლოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ ორი დღის წინ, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge