ცნობილია, რამდენი ვაკანტური ადგილი შეივსო სკოლებში პენსიონერი პედაგოგების წასვლის შემდეგ

  • edu.aris.ge
  • 11 სექტემბერი 15:17

საჯარო სკოლებიდან საპენსიო ასაკის 6000-მდე პედაგოგის გასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ ეტაპზე 2600-მდე ვაკანსია გაჩნდა, რაც უკვე შევსებულია.

ამჟამად კიდევ გამოცხადებულია კონკურსი 1500-მდე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, რომლიც 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, პროფესიიდან 6000 მასწავლებლის გასვლა არ ნიშნავს, რომ სკოლებს იგივე რაოდენობით კადრები სჭირდებათ. ვაკანსიის გაჩენის შემდეგ, პირველ რიგში საათებით სკოლაში მომუშავე პედაგოგები კმაყოფილდებიან, ახალი კადრის შეყვანა მხოლოდ ამის შემდეგ ხდება.


„ამ პროცესს ვუწევთ ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მხარდაჭერას, ჩვენი ჯგუფები ორი თვეა რეგიონებში იმყოფებიან რომ დაეხმარონ სკოლებს და რესურსცენტრებს საათების ოპტიმალურად გადანაწილებაში და ა.შ. პროფესიიდან გასული მასწავლებლის გამოთავისუფლებულ საათებს, პირველ რიგში, ივსებენ იმავე სკოლის მასწავლებლები, რომლებიც შესაძლოა, არასრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, 15 საათი არის განაკვეთი, რაზეც ისინი სტატუსის სრულ დანამატს იღებენ. სკოლებს პირველ რიგში უნდა შეევსოთ საათები არსებული კონტიგენტისთვის და შემდეგ გამოეცხადებინათ ვაკანსიები. ამ ვაკანსიების გამოცხადების პირველი ეტაპი დამთავრდა და 2600 ვაკანსია შეივსო თბილისსა და რეგიონებში. შევსება მოხდა როგორც გარედან შემოსული კადრებით, ასევე შიგნით, ან სხვადასხვა სკოლებში გადანაწილებით, თუმცა 1500 ვაკანსიაა გამოცხადებული ისევ და 15 სექტემბრამდე დასრულდება პროცესი“, – ამბობს ირინა აბულაძე.

სრული ვერსიის ნახვა edu.aris.ge