რა საფრთხეს გვიქმნის ოქროსა და ვერცხლის ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიათა შეჯახება ?

  • თბილისელები
  • 2 სექტემბერი 15:21

სამკაული და განსაკუთრებით კი ძვირფასი – ოქრო-ვერცხლით ნაკეთები თვალწარმტაცი სამშვენისი ყველა ქალის სისუსტე და ზოგჯერ აუხდენელი ოცნებაცაა.

აბა, ვინ იტყვის უარს, მოირთოს და მოიკაზმოს ოქროს ბეჭდებით, საყურითა თუ ყელასაბამით, ვერცხლის სამაჯურითა თუ ქამრით... თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის მის სხეულზე ერთად ასხმულ ოქრო-ვერცხლს, ან რა უნდა ვიღონოთ, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თამაზ ლ.
– რატომ არის საშიში ოქროსა და ვერცხლის სამკაულის ერთად ტარება?
– ვინც ბიოენერგეტიკას არ იცნობს, მანაც კი იცის, რომ ოქრო ვერცხლს ძალიან ცუდად ეთანხმება. ეს ორი ლითონი საუკუნეთა განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო ენერგიითაა დამუხტული. ძვირფას ლითონებს კეთილშობილსაც უწოდებენ და ისიც ცნობილია, რომ სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მაგრამ, ოქროს ვერცხლთან თანხვედრაში სწორედ ეს მადლი ეკარგება. ოქრო და ვერცხლი – ნათელი მაგალითია იმისა, თუ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკის ნაკადი როგორ ანადგურებს ერთმანეთს.
ვერცხლი ანგრევს ოქროს – ოქრო რბილი ლითონია და თავისი ფიზიკური მონაცემებით ვერცხლის სრულიად საპირისპიროა. ყველაზე ნათლად გამოხატული საშიშროება ოქროს ვერცხლთან ერთად ტარებისა ოქროს მყისიერი წაშლაა. მაგალითად, თუ ამ ორი ლითონის ძეწკვი ერთად გაიკეთეთ ყელზე, ვერცხლი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წაშლის ოქროს, გამომდინარე იქიდან, რომ ის მტკიცე და მყარია. მართალია, ოქრო სილამაზით გამოირჩევა, თუმცა ამასთან ერთად, რბილი და ელასტიკური ლითონია, რის გამოც მხოლოდ ადამიანის კანზე შეუძლია, იმოქმედოს. თუ მაინცდამაინც ძალიან გინდათ, რომ სხვადასხვა ლითონის სამკაულებით მოიწონოთ თავი, ისე გაიკეთეთ, რომ უშუალოდ კანს არ ეხებოდეს.
– რა შეიძლება, დატრიალდეს ჩვენს თავს, თუ ოქროსა და ვერცხლის სამკაულების გაკეთება ერთდროულად მოგვინდა?
– ეს მიგიყვანთ ნერვულ დაძაბულობამდე. ოქროს სამკაულს აქვს დინამიკური ენერგეტიკული სტრუქტურა, ვერცხლისას კი – მშვიდი და გაწონასწორებული. ურთიერთსაპირისპირო მიმართულებათა შეჯახება კი პოზიტიურ თვისებებს სპობს ან ანეიტრალებს. ამიტომ, თუ ოქროსა და ვერცხლის სამკაულს ერთად გაიკეთებთ, ამან შეიძლება თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს. ასეთი შეხამება რისკია იმისა, რომ ახლობლებთან კამათი მოგივიდეთ ან კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ სამსახურში. ასეთ სამკაულთა „თაიგული“ არღვევს ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება, თავიდან ვერც კი შენიშნოს მისმა მფლობელმა.
– ჩვენი გარემოცვაც იგრძნობს ამ დისკომფორტს?
– ამან შეიძლება ახლობლებსაც კი დაგაშოროთ – დისონანსი ოქროსა და ვერცხლს შორის ვრცელდება თქვენს საახლობლო წრეზეც. ნათესავები, ნაცნობ-მეგობრები თუ კოლეგები თქვენ გვერდით თავს ისე გრძნობენ, თითქოს ნემსებზე ისხდნენ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ყოველთვის განაცალკევეთ ერთმანეთისგან ეს ლითონები. მით უმეტეს, რომ ასეთი შეხამება თქვენს ნაკლსა და სისუსტეს უფრო თვალშისაცემს გახდის. თქვენში იმძლავრებს ეგოიზმი, პირფერობა და ეჭვიანობა, რასაც აუცილებლად შეამჩნევს ის, ვინც დიდი ხანია, გიცნობთ. სირთულეები შეგექმნებათ ახალი ადამიანების გაცნობისასაც.

წყარო: თბილისელები