"დედაჩემის პირობა ასეთი იყო: ქალს ჩვენი ქალაქიდან წაიყვანდნენ, იმშობიარებდა, ბავშვს კი მშობლებს მოუძებნიდნენ"

  • სარკე
  • 2 სექტემბერი 14:31

უკვალოდ არაფერი იკარგება, არც ახალგაზრდული შეცდომები, არც ის გადაცდომები, რომლებიც ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება.

საბოლოოდ ყველაფერი თავს იჩენს და თან ისეთ დროს, როცა მშვიდად ცხოვრობ და განსაცდელს არსაიდან ელოდები.


სწორედ ასე მშვიდად ვცხოვრობდი სულ რაღაც ერთი წლის წინ, სანამ ერთ დღეს არ გამომეცხადნენ ასაკში შესული კაცი და ქალი და არ მითხრეს, რომ ჩემი შვილი გაზარდეს. თავიდან სახლიდან გაყრა დავუპირე, მაგრამ მერე ისეთი ქალის სახელი და გვარი მიხსენეს, რომ იძულებული გავხდი, მომესმინა.


წერილის დასაწყისში ახალგაზრდული შეცდომა იმიტომ ვახსენე, რომ ის, რაც დღეს ჩემს თავს ხდება, სწორედ ახალგაზრდული შეცდომის შედეგია. ბევრი წლის წინ ერთ ქალთან მქონდა რომანი. მისთვის პირველი მამაკაცი არ ვიყავი. ჩვენ შორის არც რაიმე პირობა ყოფილა, რომ ოჯახს შევქმნიდით ან რაიმე ვალდებულებას ვიკისრებდით. ორივენი ახალგაზრდები ვიყავით და ურთიერთობით ვტკბებოდით.


ჩემები სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ, რომ ამ ქალთან ასეთი ახლო ურთიერთობა მქონდა. დედა ნერვიულობდა, მეუბნებოდა, თავბრუს დაგახვევს და ბოლოს სახლში ცოლად დაგიჯდებაო. ამაზე მეცინებოდა, რადგან დაქორწინებაზე არც მე ვფიქრობდი და არც ის. დედა კი არ ისვენებდა, სულ იმის შიშში იყო, რომ ამ ქალს ცოლად მოვიყვანდი, ამიტომ გადაწყვიტა, საქართველოდან გავეშვი. დედის ბიძაშვილი ტიუმენში ცხოვრობდა და საკმაოდ შეძლებულადაც. მას სთხოვა, რუსეთში ჩემთვის რაიმე საქმე გამოეძებნა.


ასეც მოხდა, ბიძაჩემმა ტიუმენში დამპატიჟა და მაღალანაზღაურებად სამსახურსაც შემპირდა. ამ პერსპექტივაზე უარს ვერ ვიტყოდი და დავთანხმდი. ამ ქალთან მივედი და ვუთხარი, რომ საქართველოდან წასვლას ვაპირებდი. ტირილი დაიწყო, ამას როგორ მეუბნები, სწორედ დღეს უნდა მეთქვა, რომ შენგან შვილს ველოდებიო.


არ ჩავთვალე, რომ სიმართლე იყო. დარწმუნებული ვიყავი, ამას იმიტომ მეუბნებოდა, რომ არ უნდოდა, საქართველოდან გავეშვი. მაშინვე დედაჩემის სიტყვები გამახსენდა, ეგ ქალი თავბრუს ისე დაგახვევს, სახლში ცოლად დაგიჯდებაო. ეს მის ხრიკად ჩავთვალე, ძალიან გავუბრაზდი, ვუყვირე, რომ ვერ მომატყუებდა და მისგან წამოვედი.


საქართველოში დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, ბილეთები ავიღე და გავემგზავრე. კიდევ ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ, მასთან საუბარი არ მოვინდომე. აი, სულ ეს იყო, რაც ამ ისტორიის შესახებ ვიცი, მერე კი რაც ხდებოდა, უკვე აღარაფერში ვმონაწილეობდი.


თუ როგორ გაგრძელდა ეს ისტორია, ერთი წლის წინ გავიგე. თურმე ის ქალი ჩემი მისამართის დადგენას ცდილობდა, რომ ჩემთან, რუსეთში ჩამოსულიყო. მართლაც ფეხმძიმედ ყოფილა და უნდოდა, თავის სიმართლეში დავერწმუნებინე. დედაჩემმა გაიგო, რომ ის ქალი მეძებდა, ამიტომ შეხვდა და ყველაფერი მოაგვარა. უთხრა, არ ჰქონოდა იმის იმედი, რომ ამ ბავშვს მე ან ჩემი ოჯახი მივიღებდით, ამიტომ უმჯობესი იყო, მის პირობებს დათანხმებოდა.


დედაჩემის პირობა ასეთი იყო: ამ ქალს ჩვენი ქალაქიდან წაიყვანდნენ, ორსულობის ბოლო თვეებს სხვაგან გაატარებდა, იქვე იმშობიარებდა, ბავშვს კი კარგ მშობლებს მოუძებნიდნენ და გააშვილებდნენ.


დედაჩემი ცოცხალი აღარ არის, მისი სულისთვის კი საყვედურის თქმა მერიდება. ახლა რომ ჩემ გვერდით იყოს, აუცილებლად ვეტყოდი, არ ჰქონდა იმის უფლება, ასეთი მნიშვნეოვანი საკითხი ჩემ გარეშე გადაეწყვიტა და ჩემი ბიჭი გაეშვილებინა. შეიძლებოდა ის ქალი ცოლად არ მომეყვანა, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შორის განსაკუთრებული გრძნობა არ ყოფილა, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გავექცეოდი, შვილს გვარსაც მივცემდი და ბოლომდე ვუპატრონებდი.


ბავშვი გააშვილეს. გამზრდელი მშობლები არაჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ ის, რასაც ახლა ჩემგან ითხოვენ, ცოტა აბსურდულია და შემაწუხებელიც.

წყარო: სარკე