თავი ქალად მესამედ გათხოვების შემდეგ ვიგრძენი 

  • თბილისელები
  • 27 აგვისტო 16:20

ჟურნალ "თბილისელების" რუბრიკაში - მოდი ვილაპარაკოთ 34 წლის ნინის ისტორია ქვეყნდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პირველად საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი. თანატოლები ვიყავით, ერთნაირი გატაცება და მისწრაფებები გვქონდა. ცხოვრებას ადვილად ვუყურებდით. ისე მიყვარდა, მეგონა, მის გვერდით მთელი ცხოვრება ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ როგორც კი პაემნებისა და შეყვარეულობანას პერიოდი მორჩა და ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება, მივხვდით, ეს სიყვარული კი არა, უბრალოდ, ლტოლვა იყო. ორ წელიწადში ჩვენს ქორწინებას წერტილი დავუსვით და გავშორდით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ამის გამო პრობლემა არ მქონია და დედ-მამა გვერდით დამიდგა, მაინც დიდი სტრესი მივიღე. ვამბობდი, აღარასოდეს გავთხოვდები-მეთქი. მაგრამ, გავიდა ორი წელი და ისევ შემიყვარდა, ისევ მეგონა, მის გვერდით თავს მშვიდად და ბედნიერად ვიგრძნობდი, პირველ ქმართან ჯვარი ავიყარე და მეორედ გავთხოვდი. მართალია, მეორე ქმარი ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო და საკმაოდ საქმიანი და შემოსავლიანი, ასე ვთქვათ, შემდგარი პიროვნება, მაგრამ ისევ შევცდი. საშინლად ეჭვიანი და უხასიათო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ არ უჭირდა და საკმაოდ კარგ ფულს შოულობდა, თოთოეულ კაპიკს მითვლიდა, არსად მიშვებდა და სახლში გამომკეტა. ბავშვი რომ გვეყოლა, დროს მის მოვლაში ვატარებდი, თუმცა, ვხვდებოდი, ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. ექვსი წლის თავზე, მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახური ცხოვრება მასთანაც დავასრულე. თუმცა, ისე არ მინერვიულია, როგორც პირველი ოჯახის დანგრევა განვიცადე. უბრალოდ, ხალხის მითქმა-მოთქმა და ჭორები მიშლიდა ნერვებს. მამაკაცებისგანაც სხვანაირ მზერას ვგრძნობდი. ყველაფერზე თვალი დავხუჭე, დავიწყე მუშაობა და ბავშვზე ზრუნვით განვაგრძე ცხოვრება. მეორე ქმრისგან წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, მამაკაცს საერთოდ არ გავკარებოდი, მით უმეტეს, ოჯახი არ შემექმნა. თავისუფლება იმდენად მონატრებული მქონდა, აღარ მინდოდა, ვინმეს ეჭვიანობას შევეჭამე და ჩემი ახალგაზრდობა სახლში ჯდომაში გასულიყო. მოკლედ, სადაც მივდიოდი, ბავშვიც თან მიმყავდა, მამაკაცებისკენ არც კი ვიხედებოდი. ყველა დარწმუნდა, რომ არ ვიყავი კაცებზე დახამებული  და უბრალოდ, ქმრებში არ გამიმართლა. ბუნებით მეოჯახე ვარ, მიყვარს, როცა საყვარელ მამაკაცზე ვზრუნავ, მის მხარდაჭერასა და სითბოს ვგრძნობ. მოკლედ, როცა საბოლოოდ ჩავთვალე, პირად ცხოვრებაში უიღბლო ვარ-მეთქი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ის მამაკაცი, ვისთვისაც სიცოცხლესაც კი გავწირავ. მართალია, ასაკით საკმაოდ დიდია და მამად უფრო შემეფერება, ვიდრე ქმრად, მაგრამ მის გვერდით მშვიდად და მყუდროდ ვარ. დიდი ხანი ვიყოყმანე და ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ცოლად გავყოლოდი. მანაც ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ. ჩემს შვილზე მამასავით ზრუნავს, არაფერს გვაკლებს. მეგობრები დამცინიან: შენ ისე მოგივიდა, მესამე და სამართალიო, მაგრამ მე მაინც ბედის ამბავი მგონია. სრულიად შემთხვევით, სამსახურის საქმეზე ვიყავი მისული ერთ-ერთ სამინისტროში და იქ გავიცანი. საქმის მოგვარებაში დამეხმარა და მობილურის ნომერი გამომართვა. მესამე დღეს რომ დამირეკა და მითხრა: ყავა ხომ არ დაგველია სადმეო, ვიფიქრე, რა ამის შესაფერისი ვარ, რომ მეპატიჟება, სარკეში მაინც ჩაიხედოს-მეთქი. თუმცა, ისეთი საქმე გამიკეთა, უარის თქმა მომერიდა და შევხვდი. ახლა კი ვეღარც მის ასაკს აღვიქვამ ტრაგედიად და ვერც მის გაჭაღარავებულ თმას. ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. მისთვის პირველი ცოლი ვარ და ჩემს შვილსაც საკუთარივით უყურებს. მართალია რომ ამბობენ: იჯექი და ბედს ელოდეო. მართალია, მე არ ვიჯექი და ორჯერ წავიმტვრიე ცხვირი, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, ნამდვილ  ქალად ვგრძნობ თავს – შვილიც მყავს და მოსიყვარულე ქმარიც.


ნინი, 34 წლის.
 

წყარო: თბილისელები