ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

  • 21 აგვისტო 18:22

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

ეპარქიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქმედების შესახებ არც მათ და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურმა ისტორიულ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხი შეისწავლა.


"საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს", - ამბობენ სააგენტოში.


სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სათავსოს მოწყობისას ძეგლი არ დაზიანებულა, ამიტომ მშენებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება.


"სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ რადგან ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის არის და წარმოადგენს მე–13 საუკუნის ძეგლს, საჭიროა კონკრეტული სათავსო შეიცვალოს", – აცხადებს


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დიმიტრი მაჭავარიანი.
შესწავლის შემდეგ, ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა. ტაძარში სათავსო დაიშლება და მის ადგილზე ხის კონსტრუქცია მოეწყობა, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება.


ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელის თქმით, კარადა რამდენიმე წელია მოწყობილია, თუმცა საზოგადოების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყურადღების ცენტრში ახლა მოექცა.