"გუგუტიანთკარში, ამ სახელდახელო ტაბლასთან ერთად მოვიყარეთ თავი ჟურნალისტებმა და ადგილობრივებმა  - ვასუბრობდით ყველა სატკივარზე"...

  • 21 აგვისტო 13:43

მოამბის ჟურნალიტი სალომე კოკიაშვილი გუგუტიანთკარელებთან ურთიერთობის ერთ-ერთ ეპიზოდს საოციალურ ქსელში აქვეყნებს.

სალომე წერს, თუ როგორ გაუმასპინძლდათ ჟურნალიტებს მავრთულხლართებთან მიწის თითო გოჯის მოდარაჯე ადამიანები და როგორ ისაუბრეს სახელდახელოდ გაშლილი ტაბლის ირგვლის, ქვეყნის ყველა სატკივარზე.


"ასეთი ისტორიები, როგორც წესი, კადრს მიღმა რჩება... ეს ისტორია გმირებზეა, აი ისეთებზე ჩუმად რომ აკეთებენ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე სხვები გაცილებით ნაკლებს დიდი აურზაურით. გუშინ დილით 8 საათიდან გუგუტიანთკარში ვიდექით მე და ჩემი კოლეგები... ვიდექით და ვიღებდით ხელის გაწვდენაზე დამონტაჟებულ ხელოვნურ გამყოფებს - უკვე ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულ ამ საზიზღარ მწვანე ღობეებს და უფრო მწვანე და საზიზღარ ბანერებს, რომლებზე განთავსებული წარწერებიც დაჟინებით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ძირძველი ქართული მიწა შენი არ არის... შუადღეს მივხვდით რომ გვშიოდა, თუმცა ახლოს არც მაღაზია იყო და არც თონე რომ პური მაინც გვეყიდა. შორს ვერ წავიდოდით, პოსტს ვერ დავტოვებდით.. ჰოდა, დავიწყეთ ფიქრი რა გვექნა. ვიღაცას გაახსენდა, სადღაც სიმინდის ყანა ჩანდაო, მერე კიდევ ვიღაცას გაუჩნდა იდეა, სხვა თუ არაფერი, იქნებ სიმინდის ტაროები ვიყიდოთო, ბოლო-ბოლო აქვე სადმე შევწვათო. ამ თემას ვარჩევდით, რომ ერთი კაცი მოვიდა, რა უნდა იყიდოთ, ხომ არ გაგიჟებულხართო.. ძალს ჩვენ ვიყავით და ძალს ის კაცი, ეგრე არ მოსულაო... მერე ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, ამ კაცმა ჯერ ცეცხლი დაანთო, მერე სანამ ფიჩხი ნაკვერჩხალს დაყრიდა, გაიქცა, თან ერთი ჩვენი კოლეგა გაიყოლა და ცოტა ხანში სიმინდის ტარობით დაბრუნდნენ უკან. დაიყარა ეს ტაროები ნაკვერჩხალზე და სანამ ვიცდიდით, უცებ გავიხედეთ და პატარა მაგიდა გამოარბენინა ამ კაცმა. ვეხვეწეთ, ვემუდარეთ, ნუ წუხდებით-თქო, ის კიდევ გვიღიმოდა, მაცადეთო. მერე ამ მაგიდაზე საიდანღაც გაჩნდა რამდენიმე პური, მის ბოსტანში დაკრეფილი კიტრი და პომიდორი და ბოლოს, ერთი გრაფინი ღვინო.. ღვინო გამისინჯეთო გვთხოვდა, ვუხსნიდით რომ არ შეგვეძლო, ზოგს ჩართვა ჰქონდა, ზოგს კადრი გადასაღები, ზოგს სინქრონი ჩასაწერი... რაღაცნაირად მოიწყინა, აბა რომ იცოდეთ ამ ღვინისთვის რამდენი ვიწვალეო. გვიამბო როგორ დარჩა მისი სახლი და ვენახი 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზს მიღმა და გაგვანდო, კი ვიცი რომ საშიშია და არ შეიძლება იქით გადასვლა, მაგრამ ვენახი რომ იქით მეგულებოდა, გულმა არ მომითმინა, ერთ ღამესაც გადავიპარე, ცოტა ყურძენი წამოვიღე და აი, ეს დავწურეო. რაღაც უცებ ჩაწყდა გულში - წარმოვიდგინე ეს კაცი, 2008 წელს სახლი რომ თვალწინ გადაუწვეს, ყველაფერი რომ წართვეს, საკუატრი მიწიდან რომ გამოდევნეს, მაინც შორის რომ არ წავიდა, იქვე,მეზობელ სოფელში საოკუპაცო ხაზთან დასახლდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო... მერე, ერთხელაც, ფუძე რომ მოენატრა, თავისი ჩაყრლი ვაზი რომ მოენატრა, ღამით რომ ადგა, ჩუმად შეიპარა თავის ვენახში, იქიდან ზურგით ჩამოიტანა დაკრეფილი ყურძენი და ღვინო დაწურა...


მერე... მერე რა მოხდა და, ერთად მოვიყარეთ თავი - ჟურნალისტებმა და ადგილობრივებმა. ამ სახელდახელო ტაბლასთან ვსაუბრობდით ყველას სატკივარზე, ომზე, გადამწვარ სახლებზე, მცოცავ ბოროტებაზე... ბოროტებაზე, რომელსაც იმ წუთებშიც ვხედავდით, სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით.


ასე თქვეს მიტაცებული მიწიდან წამოღებული ღვინით საქართველოს სადღეგრძელო, ზედ იმ ოხერ და დასაწვავ ღობესთან... იმ დასაწვავ, ახლადგავლბულ ღობესთან გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოც, ისიც როგორ იწვოდა მათი სახლები და ისიც რომ მაშინაც არ დაცლილა სოფელი ბოლომდე... ბევრი რამე გვიამბეს. ისიც თცქვეს, ახლაც, როცა ოკუპაციით შუაზე გახლეჩილ ეზო-კარს, ღობის მიღმა დარჩენილ სალოცავებს და გადამწვარ სახლეებს ვუყურებთ, ხშირად ვფიქრობთ იმაზე ხვალ რაღა იქნებაო. რამდენი რუსული სამხედრო მანქანა ჩაგვივლის, ვიტყვით, ხომ არ ავიყაროთო, მაგრამ არაო, აბა ეგ რა კაცობა და ვაჟკაცობა იქნება ჩვენი მიწა მივატოვოთო, ვიწვალებთ და გავძლებთო... ოღონდაც იქნებ ზოგჯერ ჩამოხვიდეთ ხოლმეო, მარტოები როცა არ ვართ, უფრო გული გვეძლევაო... სამუშაოდ არა, ისეც ჩამოდითო...


თბილისში წამოსვლის დრო რომ მოვიდა და მანქანაში ჩავსხედით, რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, იმის გამო რომ მე ყოველ ღამით ქუჩაში უბნის ბიჭების ხმაურს ვუჩივი, ამ ადამიანებს კი, უკვე რამდენი წელია, ძილს რუსული სამხედრო მანქანების ხმაური უფრთხობთ. ვფიქრობ, ნეტა არ ეშინიათ? ალბათ ეშინიათ კიდეც, ღამ-ღამობით ალბათ ძილიც უტყდებათ და იქნებ გულებიც უსკდებათ, როცა ომგამოვლილები დღეასაც იმ ოკუპანტებს უყურებენ თავიანთ სოფელში. იმ ოკუპანტებს, 11 წლის წინ მათ სახლ-კარს რომ წვავდნენ და ახლა ეზოებში "საზღვრებს" რომ უვლებენ. მაშინ რომ დანები და ჩანგლები გაჰქონდათ და ახლა ღობის მიღმა დარჩენილ ბაღებში მადიანად კბეჩენ ამათი სისხლითა და ოფლით გაზრდილ ხეებზე მოკრეფილ ხილს... ესენი კიდევ უყურებენ და მაინც ძლებენ, მაინც არ ეგუებიან, მაინც არ ტოვებენ, იმიტომ რომ მიტოვებული უფრო იოლად არ წაიღონ - აი ეს არის ნამდვილი გმირობა, სამშობლოს გულწრფელი სიყვარული და უანგარო პატრიოტიზმი, რომელთანაც ვერასოდეს მოვა ახლოს გაპრიალებულ დერეფნებში, მეგაფონებში, ტიბუნებთან თუ ტელეკამერებთან დაპნეული ბრტყელ-ბრტყელი პოპულიზმი. ნამდვილი საქართველო კი ისნი არიან - მავრთულხლართებთან მიწის თითო გოჯის მოდარაჯე გლეხები, ყოფა რომ ძალიან უმძიმთ, მაგრამ კიდევ რომ აქეთ გინაწილებენ მოკრძალებულ სადილს. ეს არის საქართველო, რომელიც, იმედია ერთ დღეაც, ამ გლეხების ხათრით მაინც შეძლებს იმ დამპალი ღობეების დანგრევას, ახლა რომ ნაწილ-ნაწილ იტაცებენ ყველაზე ძვირფას საგანძურს - ქართულ მიწას.
#რუსეთიოკუპანტია
#დიდებაგმირებს
#ესსაქართველოა"