"ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს "- დიანა ჯოჯუა არხიდან წავიდა

  • pia.ge
  • 20 აგვისტო 21:32

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვების "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - ეთერშია კურიერი 9 საათზე. სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე, მახსოვს მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო, კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. რუსთავი ორი და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება და ყველა რუსთავი 2-ელების უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის რუსთავი 2-ის ისტორია. მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე", - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.


დიანა ჯოჯუა თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ მადლობა გადაუხადა. 


"ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა „რუსთავი 2“-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას, რომ ეთერშია „კურიერი“. დაბოლოს, მადლობა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ - ჩემს მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა, რომ ირჩევდით „რუსთავი 2“-ს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge