როგორ გვეხმარება გარდაცვლილი ნათესავების სულები?

  • თბილისელები
  • 20 აგვისტო 13:14

ხალხური გადმოცემები და ეზოთერიკაც გვარწმუნებს, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ჩვენზე ზრუნავენ და დასაკავშირებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

თუ რა მინიშნებებზეა ლაპარაკი, ან როგორ უნდა მივხვდეთ, რა ინფორმაციაა გზავნილში ჩადებული, სიგნალი სწორად რომ გავიგოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ, – ამ ყველაფერზე გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა მ.


– გამიგია, რომ სიზმარში გარდაცვლილის ნახვა, მისი სულის გამოცხადებაა...


– მინიშნებები, რითაც ახლობლები სიკვდილის შემდეგაც გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ გვერდით არიან, სხვადასხვაგვარია. თუმცა, როცა გვძინავს, ჩვენი ქვეცნობიერი ბევრად უფრო მიმღები ხდება, ხოლო ვიბრაციული ენერგია ისე ძლიერდება, რომ სულთა ენერგიას უთანაბრდება. ამიტომაცაა, რომ საიქიოდან სწორედ ძილში, სიზმრად უფრო უადვილდებათ ჩვენთან კონტაქტი. მართალია, სიზმრები, რომელშიც გარდაცვლილ ახლობელს ვხედავთ, ნაკლებად მკვეთრია, მაგრამ უფრო – ცოცხალი და მეტყველია. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი სიზმარი კარგად გვახსოვს გაღვიძებისას და ამიტომ, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ – ეს ხომ ნიშანია იმისა, რომ გარდაცვლილს რაღაცის თქმა უნდა.


– რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ხდება სულებთან კონტაქტი?


– დიახ და ეს შეიძლება, ზოგჯერ სუნის საშუალებითაც მოხდეს, როცა უეცრად გარდაცვლილი ახლობლის საყვარელი სუნამოს ან ყვავილის არომატს შეიგრძნობთ; ანდა იმ საჭმლის სურნელი შეგიღიტინებთ ცხვირში, ასე ძალიან რომ მოსწონდა მას და ხშირადაც შეექცეოდა. მოხდა ასე? ესეც ნიშანია იმისა, რომ გარდაცლილს თქვენთან დაკავშირება უნდა. არის მომენტები, როცა უნებურად იწყებთ ფიქრს რაღაც კონკრეტულზე, მაგალითად, თუ დიდი სიჩქარით მიდიხართ და ამ დროს გაიფიქრებთ: "სიჩქარეს დაუკელი" ანუ, მომართვა მეორე პირშია და არა – პირველში: "სიჩქარეს უნდა დავუკლო". ეს გარდაცვლილის გაფრხილებაა, რათა საფრთხე აგაცილოთ თავიდან. ზოგჯერ მფარველმა სულმა შეტყობინება შეიძლება, სიმღერის სახით გადმოგცეთ. როგორც წესი, მუსიკალურ კომპოზიციას საკუთარი სურვილით ირჩევთ, მაგრამ თუ ზედიზედ ის რამდენჯერმე გაჟღერდა სხვადასხვა რადიოტალღაზე, ეს შემთხვევითობა არ არის. ასეთი კანონზომიერება შეტყობინებაა გარდაცლილი ახლობლისგან. იყო შემთხვევა, როცა ქალმა მძიმე გადაწყვეტილების მიღებისას, ღრუბლისმაგვარი რაღაც დაინახა თვალწინ. მაშინვე იფიქრა, რომ ასე გარდაცვლილი დედა ცდილობდა, რაღაცის თქმას. ღამით სიზმარში ის მართლაც იხილა: დედამ კატეგორიულად გააფრთხილა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და აუხსნა კიდეც რატომ... ასევე, გქონიათ ალბათ შემთხვევა, როცა სახლში მოულოდნელად, რაღაც ნივთები იკარგება და შემდეგ სულ სხვა ადგილას პოულობთ. როგორც წესი, ამ ნივთებს იყენებდა ოჯახის გარდაცვლილი წევრი და ახლა სწორედ მისი სული გადააადგილებს მათ, რომ მიგანიშნოთ, თქვენთან დაკავშირება უნდა.


– მოულოდნელი საჩუქრებიც მოდის "იქიდან"?


– საჩუქარს მიიღებთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, მას მატერიალური სახე ჰქონდეს. უფრო მეტად ეს სიყვარული და მზრუნველობაა, რომელსაც მაშინ იგრძნობთ, როცა ცუდად ხართ. ეს შეიძლება იყოს, მეგობრის ან ნათესავის ზარი, რომელიც თქვენს ნეგატიურ განწყობას უცბადვე გაფანტავს და გაგაბედნიერებთ. ცხოვრებაში ყველა აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა გამოსავალი არსაიდან ჩანს და სწორედ ამ დროს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გიხსნით და სწორ გზას გაპოვნინებთ. ის ჰგავს მზის სხივს, რომელიც თქვენს სიბნელით მოცულ ცხოვრებას ასხივოსნებს და ეს შემთხვევითი არ გახლავთ. მასთან შეხვედრა გარდაცვლილის სულმა მოგიწყოთ, რითაც საშუალება მოგცათ, მძიმე მდგომარეობისთვის თავი დაგეღწიათ.


– ამბობენ, ზოგი გარდაცვლილი ახლობლის შეხებასაც კი გრძნობსო...


– ყოფილა შემთხვევა, გარდაცვლილი ნათესავის დაკრძალვისას ლოყაზე ან მხარზე შეხება უგრძნიათ, ეს ნიშნავს, რომ სული ესწრება საკუთარ დასაფლავებას და ასეთი ჟესტით ოჯახსა და ახლობლებს ანუგეშებს. ერთი ქალბატონი, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა, შვილები კი მისგან შორს ცხოვრობდნენ და ძლიერ განიცდიდა თავის მარტოობას, გამომიტყდა: ხშირად, როცა კომპიუტერთან ვზივარ, ვგრძნობ, თითქოს უკნიდან ვიღაც მიახლოვდება და წელზე ხელს მხვევს. ასე ალბათ, ჩემი გარდაცვლილი ქმარი მანიშნებს, რომ მშვიდად ვიჯდე კომპიუტერთან, რადგან ადრე ამის გამო ხშირად ვკამათობდით ხოლმეო... ზოგჯერ, სული ისეთ რამესაც აკეთებს, სიცოცხლეში რომ არ სჩვეოდა. ერთხელაც აღმოაჩენთ, რომ ვიღაცამ ჩააქრო შუქი, რომელიც ტყუილად ენთო; ან ქურაზე ცეცხლს დაუწია, რათა კერძი არ დამწვარიყო. არ გაგიკვირდეთ, ასე სულები ცდილობენ, ცხოვრების ტვირთი შეგიმსუბუქონ.


და ბოლოს, შინაური ცხოველები მეტად მგრძნობიარენი არიან ყველანაირი ზებუნებრივისადმი. თუ შეამჩნიეთ, რომ ძაღლმა, ისე რომ ამის მიზეზი არ ჰქონია, კუდის ქიცინით დაიწყო მოძრაობა, ეს ნიშნავს, თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ოთახში იმ გარდაცვლილი ადამიანის სულის შემოსვლა იგრძნო, სიცოცხლეში რომ ძალიან უყვარდა. ასევე შემჩნეულია, რომ მკვდარი ცხოველებიც ეწვევიან ხოლმე სულის სახით პატრონს – ამ დროს მათ ესმით თავიანთი ძაღლის ყეფა ან კატის კნავილი.

წყარო: თბილისელები