საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

  • 19 აგვისტო 17:42

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

მინისტრმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულ სურათს ფლობს სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესისა და საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების შესახებ.


საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პარალელურად, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება კიდევ უფრო ამძიმბეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით ისედაც რთულ მდგომარეობას, და წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისაშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნება საკუთარ ოჯახებში.


დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ასევე სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემის მაღალ დონეზე წამოწევა. სატალეფონო საუბრისას ასევე აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.


ეუთო - ს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერა დახაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.


7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.


19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.


რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.