"ღმერთს, რომ ემსახურო არ არის აუცილებელი ანაფორა გეცვას, ღვთისმსახურებას აუცილებლად სჭირდება სპეტაკი ,,სამოსელი პირველი"

  • 19 აგვისტო 10:02

"იმისთვის, რომ ღმერთს ემსახურო, სულაც არ არის აუცილებელი გეცვას ანაფორა",-ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. 

"იმისთვის, რომ ღმერთს ემსახურო, სულაც არ არის აუცილებელი გეცვას ანაფორა. ღვთისმსახურებას აუცილევლად სჭირდება სუფთა, კამკამა, გამჭირვალე, სპეტაკი ,,სამოსელი პირველი", რომელიც ჩვენთან ერთად იბადება და იზრდება... ის ქრისტეს პერანგს ჰგავს... მთელი ცხოვრება გვაცვია, მაგრამ უფლისგან განსხვავებით ჩვენ ვაჭუჭყიანებთ... ღმერთის მსახურება ადამიანთა მსახურებიდან იწყება... ისეთი უნდა გიყვარდეს ღვთის შემოქმედების გვირგვინი, როგორიც არის... თუ მის შეცვლას ან გამოცვლას შეეცადე, მაშინ არ გყვარებია და ქმნი ისეთს, როგორიც შენ გჭირდება... არც იმაზე უნდა იფიქრო, ვინ ან რა გჭირდება... მთავარია ვის და რატომ სჭირდები... არც ის არის გასაკვირი, ყველაზე მეტად იმან გაგწიროს, ვისაც საკუთარ ლუკმას უყოფდი. ამ საინტერესო გზას ასეთი უცნაური თვისებები ჰქონია... ალბათ, ამიტომაც არის მიმზიდველი და ამოუცნობი... თუ მასებს არ ემსგავსები, ჭორი, განკითხვა, ქვები, სიბინძურეების კასკადი არ აგცდება... ესეც რაღაცით თავისკენ გითრევს... ცეცხლის ქურაში ისე გამოგაწრთობენ, აზრზეც ვერ მოდიხარ და მერე უკვე ურთულესი გამოწვევების გარეშე თავადაც მოიწყენ... იმად ყოფნა მოგენატრება, ტაძრის შეუმჩნეველ კუთხეში ბოლომდე ჩაძირული რომ ისმენდი ხშირად გაუგებარი სიტყვების წყობას... ეს იყო ღმერთის და ადამიანის ჯანსაღი ურთიერთობის სიმარტივე... მარტო შენს გამო აგებდი პასუხს...
მაინც ვთვლი, რომ ნამდვილი ღვთისმსახურება ადამიანის სინდისის და ნამუსის ხმაზე გადის... ამას კი ვერც ერთი ანაფორა ვერ შეცვლის!..
P.S. კიდევ უფრო მეტს ვფიქრობ, ფერისცვალების წინა დღეს, როცა 13 წლის წინ მღვდლად ვეკურთხე... დანარჩენს ჯერ არ ვიტყვი... ალბათ, წიგნად გამოვცემ",-წერს პეტრე კოლხი.