რას ამბობენ ციხელაშვილის უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მინისტრის დაცვამ გუგუტიანთკარში მამაკაცს სცემა

  • 18 აგვისტო 17:19

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმაურება ერთ-ერთი პირის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციას.

კერძოდ, იმის თაობაზე, რომ  გუშინ, სოფელ გუგუტიანთკარში ყოფნისას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კითხვის დასმის საშუალება არ მისცა ადგილობრივს, ხოლო მისმა დაცვამ მამაკაცი სცემა.


მინისტრის აპარატში ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.


"პირველ რიგში, სახელმწიფო მინისტრს არ ჰყავს და არასოდეს ჰყოლია დაცვა. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ქეთევან ციხელაშვილმა მოუსმინა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მასთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა. როგორც გუგუტიანთკარელებს, ისე მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებს. ეს ყველაფერი ფაქტიურად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა არაერთი ტელევიზიის მეშვეობით. მეტიც, სახელმწიფო მინისტრი თავად იყო დაინტერესებული შეხვედროდა თითოეულ ადგილობრივს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.


შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მოისურვა მასთან გასაუბრება. ქეთევან ციხელაშვილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა მას, თუმცა მამაკაცი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ვერ აყალიბებდა აზრს, ხოლო მოგვიანებით გადავიდა შეურაცხყოფაზე.


პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ამ ყველაფერს შეესწრნენ, რამდენჯერმე მოუწოდეს ახალგაზრდას, რომ შეეწყვიტა შეურაცხყოფა. ახალგაზრდამ კი, რომელმაც თავადვე დაადასტურა, რომ არ იყო ფხიზელი, არ შეწყვიტა შეურაცხყოფა.


ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედეს და ახალგაზრდა რამდენიმე წუთით გაარიდეს ადგილს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ ყოფილა სახელმწიფო მინისტრის თხოვნა და მით უფრო დავალება. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი არ იყო ფხიზელი, სახელმწიფო მინისტრს მასთან საუბარზე უარი არ უთქვამს.


ქეთევან ციხელაშვილი ახლაც მზადაა ნებისმიერ დროს მოუსმინოს როგორც მას, ისე ნებისმიერ მოქალაქეს მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. იმ შემთხვევაში თუკი არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი კადრები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს ყველა ჟურნალისტს, რომ გაასაჯაროოს იგი, რითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს და დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა",-ნათქვამია განცხადებაში.