ნარკორეალიზატორების განუსაზღვრელი ფანტაზია - "მარშრუტკის" "ზაპასკაში" დამალული ნარკოტიკი

  • ვერსია
  • 14 აგვისტო 15:43

"მარშრუტკის" "ზაპასკაში" დამალული ნარკოტიკი და ქართველი "ნარკობარიგების" "პრიკლუჩენიები" - ამ სათაურით გაზეთი "ვერსია" სტატიას აქვეყნებს, რომელიც ნარკორეალიზატორების მხრიდან ნარკოტიკების გადატანის სხვადასხვა გზას ეხება.

ზოგადად, ასეა: რაც უფრო დიდი სასჯელია აკრძალულ ნივთზე, მით უფრო რთულია მისი ყიდვა და... გაყიდვაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნარკოტიკების რეალიზატორების განუსაზღვრელი ფანტაზიის შესახებ გიამბობთ, რომლებიც ყველა ხერხით ცდილობენ, ნარკოტიკი ისე გაყიდონ, რომ წყლიდან მშრალი ამოვიდნენ. ნარკოტიკს უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. ამიტომ, თითქმის არ არსებობს შემთხვევა, რომ „ბარიგა“ შუა გზაზე გაჩერებულიყოს და ეთქვას, მეტს აღარ გავყიდი, რაც ვიშოვე, შემერგოსო. ისინი ვერ ჩერდებიან და, ადრე თუ გვიან, სამართალდამცავების ხელში ვარდებიან.


გიგა გ. სასჯელს სწორედ ნარკოტიკების მოხმარების გამო იხდიდა და იმის გათვალისიწნებით, რომ ციხეში ნაციონალების ზეობის პერიოდში ჩასვეს, მსჯავრიც სოლიდური ჰქონდა - 18 წელი. გიგა და მისი მეგობარი ბათუმში, სანაპიროზე მაშინ აიყვანეს, როცა ნარკოტიკი... მესიმინდესგან იყიდეს.


„ბათუმში რომ ჩავედით, წამლის ყიდვაზე არც გვიფიქრია, სანამ ერთ დღეს, პლაჟზე წამოწოლილებს მესიმინდე არ მოგვადგა „გარიაჩი კუკურუზას“ ძახილით. სამი წრე დაგვარტყა, ჩემი მეგობრის სვირინგები შეათვალიერა და მერე ჩუმად თქვა, „პლანი მაქვს ბიჭებო, თუ გინდათო...“ უარს ვინ იტყოდა, ერთ ასანთის კოლოფში 100 ლარი მივეცით და იმ საღამოს კარგად დავბოლდით. მეორე და მესამე დღეს ზღვა არც გაგვხსენებია, ვისხედით სასტუმროს აივანზე, ვაბოლებდით და ვკაიფობდით ჩვენთვის.


მერე, უკვე თავად დავიწყეთ იმ მესიმინდის ძებნა და ვიპოვეთ. ისევ პლანი ვიყიდეთ და ისევ დავიკარგეთ 3 დღე. მერე თქვა ჩემმა ძმაკაცმა, მაგას შეიძლება, სუბოტექსიც ჰქონდესო და რომ დაგვადგა თავზე თავის სიმინდით, შევაპარეთ. გაიგიჟა თავი, ეს ჩემს ეზოში მომყავს, ნარკოტიკს კი არ ვყიდიო, მაგრამ მერე, მეორე წრეზე მოვიდა და ერთ აბ სუბოტექსში ათასი ლარი მოგვთხოვა. 850 ლარად გამოვართვით და გავიკეთეთ. გვერდზე სასტუმროში თბილისელი მეგობრები ცხოვრობდნენ, იმათაც ვუთხარით და მოკლედ, გაიჭრა „კანალი“.


ერთ დღესაც მოვიდა ეს მესიმინდე და როგორც კი სუბოტექსი ვიყიდეთ, ჩვენს გვერდით მწოლიარე სამი კაცი წამოდგა, პირსახოცის ქვემოდან იარაღი გააძრო და, არ გაინძრეთო. იქვე „დაგვანარუშნიკეს“ და მიგვიყვანეს ბათუმის განყოფილებაში, კარგად გვიბარტყუნეს და ზანგებივით გაგვასამართლეს. მერე გავიგეთ, დაუჭერიათ ის მესიმინდე და უთქვამთ, თუ გინდა, სამუდამოს გადაურჩე, ჩამოარიგე ეგ შენი წამალი და ნარკომანებს ჩვენ ავიყვანთო. 18 კაცი დაგვიჭირეს იმ დღეს, 18 კაცი „გაგვსროკეს“ და ვზივართ ახლა ლიანდაგზე დიდი სასჯელებით“,- სევდანარევი ღიმილით ყვებოდა გიგა.


***


მარნეულელ ჯალილას წამალი ბაქოდან დაჰქონდა. ბედნიერი იყო იმით, რომ სამუდამოს გადაურჩა და მხოლოდ 24 წელი „აკმარეს“. ამბობდა, გარეთ გავალ, 3-4 წელი უნდა ვიჯდე და მერე მეშველებაო (ეშველა). დიდად კი არ უყვარდა საკუთარი ისტორიის მოყოლა, მაგრამ ბიჭები ერთს შეუბღვერდნენ ხოლმე და ისიც იწყებდა:


„ბაქოში მქონდა „ტოჩკა“, სადაც მივდიოდი, ჩემი „მარშუტკის ზაპასკას“ ვტოვებდი, უკანა გზაზე გამოვივლიდი, ავიღებდი „ზაპასკას“ და თბილისში, ერთ-ერთ „ვულკანიზატორშიკს“ ვუტოვებდი. ის როგორ და რანაირად ასაღებდა, არ მაინტერესებდა, მე ჩემსას ვიღებდი და მორჩა. 2 წელი ვატარე „ზაპასკა“ ბაქო-თბილისის რეისზე და ერთ დღესაც, რომ დავტოვე ვულკანიზაციაში, იქიდან „ახალმა დამხმარეებმა“ გამომხედეს, მოიცა, შენი თანდასწრებით უნდა დავშალოთ, წინაზე 10 გრამი აკლდაო. რაღაც კი ვიეჭვე, მაგრამ ვიფიქრე, თუ ჩაშვებული ვარ, გაქცევას აზრი არ აქვს და თუ არა, დაშალონ და ვნახოთ-მეთქი. დაშალეს და ამოიღეს წამალი, იქვე აწონეს და იქვე დამადეს ხელბორკილი. რა უნდა მექნა? - ის „ვულკანიზატორშჩიკი“ პირზე დამადგა, შენ მოგქონდაო. სხვაგვარად, იმას სამუდამოს მისცემდნენ. ახლა კი 20 წელი აკმარეს, მე, როგორც ჩამომტანს, 24 წელი მომცეს და ვართ ახლა ასე, მე რუსთავში ვიხდი სასჯელს, ის - ქსანში...“


***


ლევანი წამალს არ ყიდდა, მაგრამ საფრანგეთიდან დიდი ოდენობით სუბოტექსის ჩამოტანის დროს დააკავეს. პრინციპში, დიდ ოდენობად ერთ აბი ითვლებოდა და ამას კიდევ შვიდი აბი უპოვეს.


"საფრანგეთში ოთხი წელი ვცხოვრობდი. ვისაც უნახავს, როგორ არის დაფასოებული "სუბო", იმან იცის, რომ ერთ ფირფიტაზე შვიდი აბია. არის კიდევ ერთი წამალი, რომელიც კუჭისთვისაა და ზუსტად ისეთ დაფასოებაშია. მოკლედ, ვიყიდე ეს კუჭის წამალი, უთოთი წებო დავადნე, ავაძრე უკანა მხარე, ამოვყარე კუჭის წამალი, ჩავაწყვე სუბოტექსი და ისევ უთოთი მივაკარი. აი, უნდა გცოდნოდა, რომ მაკეტი იყო, თორემ სხვა მხრივ არაფერი ეტყობოდა. ჩავიდე ეს წამალი პირდაპირ გულის ჯიბეშ და საფრანგეთმა უპრობლემოდ გამომატარა. საქართველოშიც უპრობლემოდ გამომატარებდნენ, რომ არა ერთი მებაჟე, რომელმაც ფირფიტა დიდ ხანს ატრიალა ხელში და მერე კოლეგას უთხრა - სუბოტექსიც ზუსტად ამ წონასა და ფორმაშია, რომ გაინტერესებდა, ეს უბრალოდ, სხვა წამალიაო და დამიბრუნა. ჯიბეში ჩადება ვერ მოვასწარი, ისევ გამომართვა და ხმამაღლა ამბობს, ქართველები ოხრები ვართ, ამას ქარხანაში ვინმესთვის რომ ეთხოვა, სუბოტექსი შემიფუთეთ კუჭის წამლის ფოლგაშიო, ან "მაყუთი" გაემაზა, ხომ შეიძლბოდაო და ერთი აბი იქვე ამოიღო. აბა, აბს კი ეტყობა სუბოტექსი რომ არის და გადამიგრიხეს ხელები", - ჰყვებოდა ლევანა.


***


სამწუხაროდ, ნარკოტიკების გაყიდვით დიდ ფულს შოულობენ და ეს არის ცდუნება, რომელსაც ციხის შიშითაც კი ვერ ელევიან. თავად განსაჯეთ, ერთი აბი სუბოტექსი საფრანგეთში ერთი ევრო ღირდა, საქართველოში - 700 ლარი ანუ 1000 ევროდ შეგეძლო, 700 ათასი გეშოვა და... უფრო ცუდი კი ის გახლავთ, რომ წამლის გაყდივისას გადამყიდველები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა - მათზე, ვისზეც "სიკვდილს" ყიდიან.


პატიმარი #0578

წყარო: ვერსია