რა ინფორმაციას გაწვდის პროფილის ფოტო?

  • imedinews.ge
  • 14 აგვისტო 12:22

ამა თუ იმ ადამიანის სახის გამომეტყველების შესაფასებლად თქვენ სულ რამდენიმე წამი გჭირდებათ. სწორედ ეს პირველი შთაბეჭდილება გკარნახობთ ამ ადამიანის ძირითად თვისებებს. ეს შემთხვევითი არ არის, თუმცა არის ალბათობა, რომ არც ისე ზუსტია.

პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ. როგორც წესი, ასეთი დასკვნები უცნობებზე კეთდება და ის, რა თქმა უნდა, ზედაპირულია. ფოტოს მიხედვით ადამიანები დასკვნას სამი მიმართულებით აკეთებენ: რამდენად მიმზიდველია, არის თუ არა საიმედო ადამიანი და რა დოზით არის მიდრეკილი დომინანტობისკენ.


ფიზიკური მონაცემები ურთიერთობის დაწყების ერთ-ერთი პირველი ბიძგია. საიმედოობაში იგულისხმება სოციალური თავისებურება, რაც ოჯახზე მზრუნველობასა და სხვა მსგავს თვისებებს გულისხმობს. დომინირების შეფასება კი სასარგებლოა მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, ფოტოს მიხედვით შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ზედაპირულია, საერთო და არაზუსტი.


თუ თქვენ ონლაინ-ნაცნობობის რეალურ სივრცეში გადატანაზე ფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ როგორ კეთდება და მუშავდება ფოტო. მაგრამ ამ მეთოდების პარალელურად, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მინიშნებას მაინც გაძლევს. კამერის მდებარეობა თქვენს სელფიზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითისთვის, პორტრეტები, რომლებიც ქვედა კუთხიდან (low angle) არის გადაღებული, ადამიანის დომინანტურობას უსვამს ხაზს, რაც, ფსიქოლოგების დაკვირვებით, კაცისთვის დადებითი შედეგის მომტანია, ხოლო ქალისთვის - ნაკლებად. ზედა კუთხიდან (high angle) გადაღებული ფოტოები კი პირიქით აღიქმება.


ნებისმიერ შემთხვევაში, პროფილის ფოტოები გულდასმით შეირჩევა, რათა ესა თუ ის ადამიანი საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ეს კოლაჟები მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ მიმზიდველობას არ უსვამს ხაზს, ისინი ინდივიდუალიზმისა და სოციალური მდგომარეობის ნიშნებსაც ასახავს. მაგალითისთვის, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად იყენებენ ფოტოებს, რომლებზეც ქველმოქმედებით არიან დაკავებულნი. მნიშვნელოვანია ასევე თუ ვინ არის თქვენთან ერთად გამოსახული ფოტოზე. თუმცა ადამიანის პიროვნების უკეთ გასაგებად, რა თქმა უნდა, აუცილებელია მასთან საუბარი და გარკვეული ინფორმაციის სწორედ მისგან მიღება. სწორი პროგნოზის გაკეთება დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge