"საკუთარი სხეულის შესაძლებლობებს ხშირად გავუოცებივარ"

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 16:10

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საბრძოლო ხელოვნებას ტაიკვანდოს ეუფლება, ასევე სიახლეა მის კარიერაშიც.  ფიზიკურ აქტივობებსა და სხეულის შესაძლებლობებზე ჭაჭუა, ჟურნალ თბილისელებს ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

სალომე ჭაჭუა: ზაფხული განსაკუთრებულად მიყვარს. ძირითადად, არ ვისვენებ ხოლმე, მაგრამ, როცა ძალიან თბილა, ყველაფერი გამწვანებულია, უფრო მეტად შრომისუნარიანი ვხდები, ძალიან კარგ განწყობაზე ვარ და ჩემს საქმეს უფრო მეტი ხალისით ვუდგები. ივნისში, ნახევარ თვეზე მეტხანს ბათუმში ვიყავი – საერთაშორისო კემპზე ვკითხულობდი ლექციებს, შემდეგ ჩემი სტუდიის შეკრება იყო, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. ახალი თანამდებობა მაქვს – საქართველოს მსოფლიო ცეკვების საბჭოს განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვარ. საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ძალიან მომწონს. ნელ-ნელა ახალი წესები შემაქვს. სხვათა შორის, წელს პირველად ვიყავი სომხეთში მსაჯად და ისე მომეწონა, მინდა, საერთაშორისო მსაჯის ლიზენცია ავიღო. ახლა, იდეაში, შვებულება მაქვს, მაგრამ მე ხომ არ შემიძლია მუშაობის გარეშე. თან, ვმუშაობ, თან ვვარჯიშობ და თან ვსწავლობ. ახლა, როცა ჩემი სტუდიის ბავშვები ისვენებენ, დიდი დრო მაქვს იმისთვის, რომ გავაკეთო ის, რაც მე მინდა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ვფიქრობ და რასაც ვგეგმავ. მაგალითად, საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლები – ტაიკვანდოს.


– რატომ ტაიკვანდო?


– ტაიკვანდო ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა. „ყველაზე ძლიერიდან“ გამომდინარე, იმდენ რამესთან მომიწია შეხება, რომ გადავწყვიტე, ესეც მეცადა. ძალიან საინტერესოა, თან მაგრად წვავს კალორიებს. „ნონ სტოპში“ ვვარჯიშობ გაუჩერებლად, ადგილზე ვძუნძულებ. ფეხების ქნევა მაგრად გფერთხავს, კუნთსაც არ გადებს, პირიქით, გიწელავს და ლამაზად გიყოფს. იმავდროულად, ინტელექტსაც სხვანაირად გივითარებს. არაჩვეულებრივი ტრენერი მყავს. წინა გაკვეთილზე შემომაპარა: მოემზადე და ტურნირზე გაგიყვანო. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ცხოვრება სპორტში ვარ ჩართული, ტაიკვანდოს კი პლასტიკურობა ძალიან უხდება, ამიტომაც უფრო მარტივად დავეუფლე, თუმცა საკმაოდ რთული საბრძოლო ხელოვნებაა. თან, მე თუ რამეს ხელს ვკიდებ, ბოლომდე უნდა შევისწავლო, რადგან ძალიან მსიამოვნებს ხოლმე. რა თქმა უნდა, ტურნირზე გამოსვლას არ ვაპირებ. თუმცა ტრენერმა მითხრა: შენი მონაცემებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ რამეს გადავახტითო, ანუ, ძირითად ბაზისს. ეს ჩემს სფეროსაც ძალიან ეხმარება, სხეულის იდეალურ ბალანსს გიყალიბებს. რაც ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სხეული იმდენად მაინტერესებს, რომ მასში ყოველთვის ახალ რაღაცას ვპოულობ და ვავითარებ. ხშირად გავუოცებივარ საკუთარი სხეულის შესაძლებლობებს და ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.


– ახლობლები როგორ შეხვდნენ შენს ახალ გატაცებას?


– ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს, ტაიკვანდოზე დავიწყე სიარული, ერთი გაიღიმეს: რა ტაიკვანდო, ბოქსი არ გეყოფოდაო.


– ძალიან დაკავებული ხარ და განტვირთვისთვის, პირადი ამბებისთვის თუ გრჩება დრო?


– ცხოვრება თავიდან ბოლომდე მაქვს დაგეგმილი. რა თქმა უნდა, დარღვევებიც მიყვარს, მაგრამ ძირითადად, სულ ვგეგმავ, რადგან მინდა, მოვასწრო ის, რაც მე მინდა. აქ, რა თქმა უნდა, შედიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები.


– რამდენად ხშირად არღვევ?


– იშვიათად ვარღვევ ჩემს გეგმებს, თუმცა, ასეც ხდება. არ არის მარტივი, ყველაფერი დაგეგმო. ამას გამომუშავება სჭირდება, ნებისყოფა, დრო. სამაგიეროდ, ასე საკუთარ თავს სხვანაირად გაიცნობ, ხვდები, რომ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია. სხვათა შორის, სამხედრო წვრთნების გავლა მინდოდა მთელი ბავშვობა, განსაკუთრებით კი – გააზრებულ ასაკში და სულ ვფიქრობდი: რატომ არ არის საქართველოში ქალებისთვის 3-4-თვიანი სამხედრო წვრთნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაიაროს-მეთქი. ამის საშუალება ცოტა ხნის წინ მომეცა და ძალიან გამიხარდა, ბევრი რამ ვისწავლე და აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ფიზიკურ მზაობასთან არასდროს მქონია პრობლემები, არც ფსიქოლოგიურთან. ერთი თვით ადრე ცოცვაზეც კი შევედი, ცურვაც გავიუმჯობესე. ამდენ სპორტზე, რომ დადიხარ, კუნთი სტრესს იღებს. დაიშოკა სხეული, თან, მე მიდრეკილება მაქვს კუნთისკენ, ამიტომაც „წონებით“ არასდროს ვვარჯიშობ. იმხელა კუნთები მქონდა... მაგრამ ვიფიქრე: არა უშავს, ნელ-ნელა ჩავდგები-მეთქი ფორმაში.


 

წყარო: თბილისელები